ნინო ლომჯარია - შექმნილი გარემო რეალურ საფრთხეს უქმნის მედიის წარმომადგენლების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას, მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს, აღკვეთოს საჯარო სივრცეში მიმდინარე ძალადობა
ნინო ლომჯარია - შექმნილი გარემო რეალურ საფრთხეს უქმნის მედიის წარმომადგენლების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას, მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს, აღკვეთოს საჯარო სივრცეში მიმდინარე ძალადობა

საქართველოს სახალხო დამცველი უკიდურესად შემაშფოთებლად მიიჩნევს ამ წუთებში რუსთაველის გამზირზე და მოძრაობა „სირცხვილიას“ ოფისთან მიმდინარე ძალადობრივ მოვლენებს. მედიის მიერ გავრცელებულ კადრებში ნათლად ჩანს, თუ როგორ ესხმიან თავს ძალადობრივი ჯგუფები „ღირსების მარშის“ მხარდამჭერებს და ჟურნალისტებს, – ამის შესახებ სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

ომბუდსმენის თქმით, შექმნილი გარემო რეალურ საფრთხეს უქმნის მედიის წარმომადგენლების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას და იწვევს ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელების შეფერხებას.

„პასუხისმგებლობის მშვიდობიან დემონსტრანტებზე გადატანით, ისედაც დაძაბული ფონი გაამძაფრა, ასევე, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებამ, რომელმაც ღირსების მარში სამოქალაქო დაპირისპირების გამომწვევ მიზეზად შეაფასა და აღნიშნა, რომ პრაიდის უკან „რევანშისტული და რადიკალური“ პოლიტიკური ძალები დგანან.

სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ შეახსენებს მაღალი თანამდებობის პირებს, რომ მშვიდობიანი გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების დაცვა, მათ შორის, კონტრდემონსტრანტების ძალადობრივ ქმედებებზე სამართლებრივი რეაგირების გზით, სახელმწიფოს კონსტიტუციური ვალდებულებაა და მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს, სამართლებრივი მექანიზმების გამოყენებით, სავარაუდო სამართალდამრღვევი პირები საჯარო სივრცეებს დროულად განარიდონ.

სახალხო დამცველი მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, აღკვეთოს საჯარო სივრცეში მიმდინარე ძალადობა, რაც საფრთეს უქმნის მოქალაქეთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. ასევე, სამართლებრივი რეაგირება მოახდინონ ფიზიკური თავდასხმების და სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტებზე“, – ნათქვამია განცხადებაში.

დატოვე კომენტარი