ნინო ლომჯარია - შალვა ნათელაშვილმა გაავრცელა ცრუ ინფორმაცია სახალხო დამცველის საქმიანობისა და ჩემი ოჯახის წევრის მისამართით
ნინო ლომჯარია - შალვა ნათელაშვილმა გაავრცელა ცრუ ინფორმაცია სახალხო დამცველის საქმიანობისა და ჩემი ოჯახის წევრის მისამართით

შალვა ნათელაშვილმა გაავრცელა ცრუ ინფორმაცია სახალხო დამცველის საქმიანობისა და ჩემი ოჯახის წევრის მისამართით, – წერს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია სოციალურ ქსელში.

ამასთან, ლომჯარია აცხადებს, რომ მიუღებელია შალვა ნათელაშვილის განცხადებები, რომლებიც ქალთა მიმართ ძალადობის უმწვავესი პრობლემის დაკნინებას და ქალების, როგორც პროვოკატორების წარმოჩენას ისახავს მიზნად.

„მიმდინარე წლის 20 ივლისს „საქართველოს ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარეს, ბატონ შალვა ნათელაშვილს სახალხო დამცველმა წინადადებით მიმართა, თავი შეეკავებინა დისკრიმინაციული შინაარსის განცხადებებისაგან და ხელი შეეწყო გენდერული თანასწორობის დაცვისთვის. მიმართვის საფუძველს წარმოადგენდა ბ-ნი შალვას შემდეგი განცხადება, რომლითაც იგი გაუპატიურების რეგულირების ცვლილებას გამოეხმაურა: „ესაა სრული იდიოტიზმი. ჯერ გაუპატიურების მუხლით აღძრულ უამრავ საქმეზე, იგივე ჩემი გამომძიებლობის პერიოდში, საბოლოოდ დგინდებოდა, რომ ე.წ მსხვერპლი თვითონ იყო მაპროვოცირებელი, ან პროვოკატორი რაიმე სარგებლის გამოსაძალად ან ცოლად გასაყოლად. ამ ფორმულირებით კანონის მიღება გამოიწვევს იმას, რომ ნებისმიერი მამაკაცი შეიძლება დაიჭირონ თუ ე.წ „დაზარალებულს“ ნებისმიერ დროს ეს მოეხასიათება.“

სახალხო დამცველის წერილის საპასუხოდ, ბატონმა შალვამ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში დღეს გაავრცელა ცრუ ინფორმაცია როგორც სახალხო დამცველის საქმიანობის, ასევე, ჩემი ოჯახის წევრის მისამართით. ბ-ნ შალვას აქაც მოვუწოდებ, თავი შეიკავოს საზოგადოების განზრახ შეცდომაში შემყვანი განცხადებებისგან. მამაჩემი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის კეთილსინდისიერი საჯარო მოხელეა და ძალიან უხერხულია მრავალწლიანი სტაჟის მქონე პოლიტიკოსის მხრიდან რიგითი მოქალაქის მიმართ ცილისმწამებლური განცხადებების კეთება.

თუმცა, კიდევ უფრო მიუღებელია ბ-ნი შალვას განცხადებები, რომლებიც ქალთა მიმართ ძალადობის უმწვავესი პრობლემის დაკნინებას და ქალების, როგორც პროვოკატორების წარმოჩენას ისახავს მიზნად. ნებისმიერი პოლიტიკოსის მხრიდან მიუღებელია პოპულიზმის საგნად ისეთი რთული და მძიმე ფენომენის ქცევა, როგორიცაა ძალადობა ოჯახში, ფემიციდი და ქალთა მიმართ ძალადობა“, – წერს ნინო ლომჯარია „ფეისბუქში“.