ნინო ლომჯარია - სალომე ზურაბიშვილს თუ გააკრიტიკებენ გენდერული ნიშნით და მოხდება მის მიმართ დისკრიმინაციის წახალისება, გვექნება რეაგირება
სალომე ზურაბიშვილის მიმართ კრიტიკა თუ იქნება დისკრიმინაციულ ჭრილში, მას გააკრიტიკებენ როგორც ქალს და მოხდება ამით მის მიმართ დისკრიმინაციის წახალისება, ამაზე, რა თქმა უნდა, გვექნება რეაგირება, – ასე პასუხობს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია პრეზიდენტის ადმინისტრაციის დღევანდელ განცხადებას.
მისივე თქმით, კრიტიკა არის საჯარო პირის თმენის ვალდებულების შემადგენელი ნაწილია.
„რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, თუკი ის, როგორც პრეზიდენტი და უმაღლესი მთავარსარდალი, დაექვემდებარება დისკრიმინაციას გენდერული ნიშნით ან მის მიმართ გაკეთდება ისეთი განცხადებები, რაც შეიცავს დისკრიმინაციის წახალისებას გენდერული თუ სხვა ნიშნით, ამასთან დაკავშირებით სახალხო დამცველს აუცილებლად ექნება რეაგირება, ისევე, როგორც ვახდენთ რეაგირებას და მოგვიხდენია, მათ შორის, მოქმედი თანამდებობის პირების მიმართ გაკეთებულ განცხადებებზე.
რაც შეეხება იმას, რომ ზოგადად თანამდებობის პირები ამ ქვეყანაში ვექვემდებარებით ხშირ შემთხვევაში ძალიან მკაცრ კრიტიკას, აგრესიულ განცხადებებს და ასე შემდეგ, ეს არის ჩვენი ვალდებულების შემადგენელი ნაწილი. ჩვენ გვაქვს თმენის ვალდებულება და შესაბამისად, ვფიქრობ, რომ შეიძლება, არ არის სასიამოვნო მისთვის, ესა თუ ის შეფასებები და კრიტიკა, მაგრამ ეს არის საჯარო პირის თმენის ვალდებულების შემადგენელი ნაწილი“, – განაცხადა ლომჯარიამ.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ დღეს განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ სახალხო დამცველი არასოდეს რეაგირებს პრეზიდენტის წინააღმდეგ შეურაცხმყოფელ განცხადებებზე, მაშინ, როცა სხვა პოლიტიკოსი ქალებისა და მის მიმართ შეტევებს პასუხობს.