ნინო ლომჯარია-სახელმწიფომ ხელი უნდა შეუწყოს დაუნის სინდრომის მქონე პირთა შესაძლებლობების განვითარებას
ნინო ლომჯარია-სახელმწიფომ ხელი უნდა შეუწყოს დაუნის სინდრომის მქონე პირთა შესაძლებლობების განვითარებას

საქართველოს სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა.

ლომჯარიამ აღნიშნა, რომ ამ დღის  წლევანდელი დევიზი “რას ვმატებ საზოგადოებას”, ხაზს უსვამს დაუნის სინდრომის მქონე პირთა თანაბარ წვლილს საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფეროში.

„2018 წელს ამ დღის აღნიშვნის თემა – „რას ვმატებ საზოგადოებას“ – ხაზს უსვამს დაუნის სინდრომის მქონე პირთა თანაბარ წვლილს საზოგადოებრივ, საჯარო, პოლიტიკურ, კულტურულ და ცხოვრების სხვა სფეროებში. ამ ადამიანების შესაძლებლობებს მნიშვნელოვნად აბრკოლებს არასაკმარისი ინფორმირებულობა და ნეგატიური დამოკიდებულებები. აუცილებელია ყველა სუბიექტმა, მათ შორის სახელმწიფომ, სამოქალაქო სექტორმა, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებმა, დამსაქმებლებმა, ფართო საზოგადოებამ დაინახონ ეს სარგებელი და ხელი შეუწყონ დაუნის სინდრომის მქონე პირების შესაძლებლობების განვითარებას.”-განაცხადა ნინო ლომჯარიამ. მისივე თქმით, არსებული წინაღობების დასაძლევად, სახელმწიფომ ქმედითი ნაბიჯები უნდა გადადგას დაუნის სინდრომის მქონე პირებისა და მათი ოჯახების მხარდასაჭერად, მათთვის აუცილებელი პროგრამებისა და სერვისების დაგეგმვასა და განსახორციელებლად.

“საქართველოში დაუნის სინდრომის მქონე მოქალაქეების მიერ, ადამიანის უფლებებით სარგებლობის კუთხით გადადგმული გარკვეული ნაბიჯების მიუხედავად, კვლავ რჩება წინაღობები, რომელთა აღმოფხვრის მიზნით მნიშვნელოვანია, გაგრძელდეს ამ პირთა საჭიროებების გამოვლენა და ზრუნვა მათ მოგვარებაზე. უზრუნველყოფილი უნდა იქნას სოციალური და ჯანდაცვის პროგრამების მისაწვდომობა, ხარისხიანი განათლების მიღება, დასაქმების თანაბარი შესაძლებლობა და დამოუკიდებლად ცხოვრების ხელშეწყობა”.

21 მარტს მსოფლიო დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ეს დღე  დაუნის სინდრომის მქონე პირების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ემსახურება.