ნინო ლომჯარია - სახელმწიფო უფრო ეფექტურად და აქტიურად უნდა ჩაერთოს ჭიათურელი მაღაროელების საქმეების მოგვარებაში
ნინო ლომჯარია - სახელმწიფო უფრო ეფექტურად და აქტიურად უნდა ჩაერთოს ჭიათურელი მაღაროელების საქმეების მოგვარებაში

ეს არის ის ურთიერთობა, სადაც სახალხო დამცველს ან სახელმწიფოს შესაძლოა, ძლიერი ბერკეტები არ ჰქონდეთ, თუმცა ვფიქრობ, ის ვითარება და სიტუაცია, რაც იქ დამხვდა, უკვე მოითხოვს, რომ სახელმწიფო უფრო ეფექტურად და აქტიურად ჩაერთოს ამ საქმეების მოგვარებაში, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ გაფიცული ჭიათურელი მაღაროების საკითხზე საუბრისას განაცხადა.

როგორც ლომჯარია აცხადებს, რჩება განცდა, რომ დიალოგის რესურსი მუშებსა და საწარმოს შორის ამოწურულია.

„მუშები აცხადებენ, რომ მათ გარკვეული ნდობა სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ გააჩნიათ, ამიტომ მიმაჩნია, რომ როდესაც ნდობა არსებობს, რომ მათ შეძლონ დიალოგი, სახელმწიფომ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა, ამ დიალოგის თუ კომუნიკაციის და კომპრომისის რესურსები გაჩნდეს“,- განაცხადა ლომჯარიამ.

სახალხო დამცველი მზად არის, ამ პროცესში მიიღოს მონაწილეობა, თუნდაც ზედამხედველობა გაუწიოს როგორ წარიმართება ეს კომუნიკაცია იმისთვის, რომ მაქსიმალურად იყოს დაცული შრომითი უფლებები.

„ჩვენ, რა თქმა უნდა, მხარს ვუჭერთ ამ ადამიანების მოთხოვნებს. მათი შრომითი უფლებები არსებით გაუმჯობესებას საჭიროებს. ასევე ძალიან პრობლემატურია ეკოლოგიური მდგომარეობა და ასევე მიმაჩნია, რომ მათი სამუშაო საათები არ ექვემდებარება ზეგანაკვეთურ ანაზღაურებას, ის რაც არის გათვალისწინებული შრომის კანონმდებლობით და ასევე მხარს ვუჭერ, რომ მათი შრომის ანაზღაურების მიმართულებითაც გადაიდგას ქმედითი ნაბიჯები, რათა გაიზარდოს მათი ანაზღაურება და შესაბამისობაში მოვიდეს შრომით კანონმდებლობასთან“,- განაცხადა სახალხო დამცველმა.

მეთერთმეტე დღეა ჭიათურაში მაღაროელების პროტესტი გრძელდება. გაფიცულთა ნაწილი შიმშილობს.  მაღაროელები ხელფასების ზრდასა და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ.