ნინო ლომჯარია - სახალხო დამცველის სურვილი ნამდვილად არ იქნება, მონაწილეობა მივიღოთ რომელიმე უწყების დაკომპლექტებაში, თუ იქნება პოლიტიკური შეთანხმება, შემოთავაზებას შევისწავლით
ნინო ლომჯარია - სახალხო დამცველის სურვილი ნამდვილად არ იქნება, მონაწილეობა მივიღოთ რომელიმე უწყების დაკომპლექტებაში, თუ იქნება პოლიტიკური შეთანხმება, შემოთავაზებას შევისწავლით

სახალხო დამცველის სურვილი ან ინტერესი ნამდვილად არ იქნება, მონაწილეობა მივიღოთ რომელიმე უწყების დაკომპლექტებაში, თუმცა თუ იქნება პოლიტიკური შეთანხმება, რომ ეს არის ერთადერთი გამოსავალი პოლიტიკური კრიზისიდან და მოგვმართავენ თხოვნით, რომ დავთანხმდეთ ამ საკითხზე, გავაანალიზებთ რისკებს და შემოთავაზებას შევისწავლით, – ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ განაცხადა.

კითხვაზე, ცესკო-ს დაკომპლექტებაზე იყო თუ არა ოპოზიციურ პარტიებთან საუბარი, ნინო ლომჯარიამ აღნიშნა, რომ სახალხო დამცველთან არ ყოფილა არანაირი კონსულტაცია, არც მმართველი პარტიისა და არც ოპოზიციის წარმომადგენლების მხრიდან.

„სახალხო დამცველის სურვილი ან ინტერესი ნამდვილად არ იქნება, მონაწილეობა მივიღოთ რომელიმე უწყების დაკომპლექტებაში, თუმცა თუ იქნება პოლიტიკური შეთანხმება, რომ ეს არის ერთადერთი გამოსავალი პოლიტიკური კრიზისიდან და მოგვმართავენ თხოვნით, დავთანხმდეთ ამ საკითხზე, გავაანალიზებთ რისკებს და შემოთავაზებას შევისწავლით. რა გარანტიები იქნება, რათა სახალხო დამცველი სრულიად დამოუკიდებელი იყოს ამ პროცესში და შეძლოს კვალიფიციური, კომპეტენტური კანდიდატების დასახელება, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ ეს არის მხოლოდ თეორიული მსჯელობა, მე არც ვარ დარწმუნებული, რომ საბოლოო შეთანხმებაში ეს საკითხი იქნეს ასახული“, – განაცხადა ლომჯარიამ.

მისივე თქმით, სახალხო დამცველის მოლაპარაკებებში ჩართვის სურვილი უნდა ჰქონდეს როგორც ოპოზიციას, ასევე ხელისუფლებას.

„შეიძლება თავად აპარატმა მიიღოს ძალიან დიდი ზიანი იმის გამო, რომ პოლიტიკურად არ იყოს ეს საკითხები შეთანხმებული მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის. თუ იქნება ამაზე ერთობლივი პოზიცია, შემდეგ უკვე ეს დამოკიდებულია კონკრეტულად რაში შეიძლება გამოიხატებოდეს სახალხო დამცველის ჩართულობა. ამიტომ გააჩნია, რა ტიპის ჩართულობაზე იქნება საუბარი. ძალიან გამიჭირდება დღეს ამაზე საუბარი და სიმართლე გითხრათ, არც გვაქვს ძალიან დიდი სურვილი, რომ ამ პროცესებში ვიყოთ ჩართული თუნდაც სამომავლოდაც“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.