ნინო ლომჯარია - საინტერესო იქნება შალვა თადუმაძის არგუმენტი, რატომ გადაწყვიტა, წარედგინა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობაზე საკუთარი კანდიდატურა 
ნინო ლომჯარია - საინტერესო იქნება შალვა თადუმაძის არგუმენტი, რატომ გადაწყვიტა, წარედგინა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობაზე საკუთარი კანდიდატურა 

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ამჟამად მიმდინარე პროცესი ყველაზე მნიშვნელოვანი საჯარო პროცესია, რაც დღეს საქართველოში ხდება, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების შესახებ განაცხადა.

როგორც ომბუდსმენი აღნიშნავს, ამ პროცესს პოლიტიკური და სამართლებრივი, ასევე, ევროპული ინტეგრაციის მიმართულებით დიდი მნიშვნელობა აქვს.

„ასოცირების დღის წესრიგშიც საუბარია იმაზე, რომ საქართველოში უნდა მოხდეს სასამართლო სისტემის რეფორმა, მოსამართლეთა დანიშვნა და დაწინაურება გამჭვირვალე, დასაბუთებული, კვალიფიკაციასა და გამოცდილებაზე დაფუძნებული სისტემის მეშვეობით. ამ პროცესის მართებულად წარმართვას ექნება, როგორც უდიდესი შიდა, ასევე, საგარეო პოლიტიკის თვალსაზრისით დიდი მნიშვნელობა ევროინტეგრაციის კუთხით“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

ამასთან, მისი თქმით, სახალხო დამცველის აპარატი აკვირდება მიმდინარე პროცესს და მიიჩნევს, რომ კანონმდებლობაში ხარვეზები რჩება.

„ყველაზე მნიშვნელოვანი რეკომენდაციები, რაც ვენეციის კომისიამ, ეუთო/ოდირმა გააკეთეს, ეხებოდა იმას, რომ საბჭოს მიერ კანდიდატების შერჩევა უნდა მომხდარიყო, ასე ვთქვათ, დასაბუთებულად და კრიტერიუმებზე დაყრდნობით. თუმცა ჩვენ ვიცით, რომ საბჭო კანდიდატებს არჩევს ფარული კენჭისყრით, პირველი კენჭისყრა ვნახეთ, სახალხო დამცველმა გამოაქვეყნა შედეგები და დავინახეთ, რომ დაახლოებით ათ ბიულეტენში ძალიან დიდი ალბათობით იყო წინასწარ, ასე ვთქვათ, შეთანხმებული კანდიდატები შემოხაზული. არ ვიცი, რა იქნება მეორე კენჭისყრაზე, რომელსაც აქვს ალბათ ყველაზე დიდი და გადამწყვეტი მნიშვნელობა. ჯერჯერობით მიმდინარეობს გასაუბრებები“, – აღნიშნა ნინო ლომჯარიამ.

მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, გასაუბრებებზე ყველა კანდიდატთან ამომწურავი ინტერვიუ ჩატარდეს.

„შემდეგ დავინახავთ, საბჭო მიიღებს გადაწყვეტილებას, რომელიც იქნება დაფუძნებული ამ გასაუბრების შედეგებზე, თუ ადგილი ექნება კვლავ რაღაც ეჭვებს იმაზე, რომ არსებობდა წინასწარ შეთანხმებული პოზიციები კანდიდატებზე”,-განაცხადა ლომჯარიამ.

სახალხო დამცველი ასევე იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გენერალური პროკურორის, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის შალვა თადუმაძისა და სხვა კანდიდატების მოსმენის პროცესს გამოეხმაურა.

მისი თქმით, საინტერესო იქნება შალვა თადუმაძის არგუმენტის მოსმენა, თუ რატომ წარადგინა მან საკუთარი თავი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატად.

„ჩემთვის იყო ცოტა გასაოცარი, როგორც გენერალური პროკურორის, რომელიც შარშან დაინიშნა და,  რომელიც გაცილებით დიდი დამოუკიდებლობისა და ხელშეუხებლობის გარანტიებით სარგებლობს, ვიდრე წინა პროკურორები, მით უმეტეს, როდესაც ამ მიმართულებით გარკვეული რეფორმები განხორციელდა. დღეს მიმდინარეობს მისი მოსმენა. არ მომისმენია შალვა თადუმაძის არგუმენტებისთვის, რატომ გადაწყვიტა,  შეეტანა ამ პოზიციაზე საკუთარი კანდიდატურა. საინტერესო იქნება ამის მოსმენა. თუმცა, ვხედავთ სხვა კანდიდატებსაც, რომელთა  ნახვაც შეიძლება, ცოტა გაგვიკვირდა ადამიანურად, თორემ შეიძლება, სრულიად ლოგიკური ახსნაც ჰქონდეს, მაგალითად, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს. როგორც ვიცი, დღეს არის მასთან გასაუბრებაც“, – განაცხადა სახალხო დამცველმა.

ამასთან, ომბუდსმენის თქმით, გუშინ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორმა წევრმა გააკეთა განცხადება, რომ არანორმირებული სამუშაო დღე აქვთ და ამასთან დაკავშირებით სახალხო დამცველსაც მიმართეს საჩივრით.

„ძალიან მაღალი საზოგადოებრივი ინტერესია, ყველა ჩვენი საქმიანობის პარალელურად ვადევნებთ თვალყურს გასაუბრებას. ყველა მოუთმენლად ველოდებით შედეგებს, თუმცა თუ ასეთი რეჟიმი ხელს უშლის გასაუბრების ხარისხსა და წევრების სათანადოდ მომზადებას, რომ თითოეულ კანდიდატთან დაისვას შესაბამისი კითხვები, თუ ამის საშუალებას არ იძლევა ეს რეჟიმი, საბჭომ უნდა იმსჯელოს, იყოს ისეთი სამუშაო რეჟიმი, სადაც იუსტიციის საბჭოს წევრებს ექნებათ ნორმალური გრაფიკი, არ იქნება არაადამიანური გრაფიკი და ექნებათ გარკვეულწილად, პირადი დროც და მომავალი ინტერვიუებისთვის მოსამზადებელი დროც“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

ასევე როგორც მან აღნიშნა, საჩივარი შეეხებოდა დისკრიმინაციას, რასაც ომბუდსმენის აპარატი აუცილებლად შეისწავლის.