ნინო ლომჯარია - ქვეყანაში საკონსტიტუციო სასამართლო არ არსებობს, მოსამართლეებმა გადაწყვიტონ, არიან რეჟიმის ტყვეები ან რეჟიმს ემსახურებიან
ნინო ლომჯარია - ქვეყანაში საკონსტიტუციო სასამართლო არ არსებობს, მოსამართლეებმა გადაწყვიტონ, არიან რეჟიმის ტყვეები ან რეჟიმს ემსახურებიან

ქვეყანაში საკონსტიტუციო სასამართლო არ არსებობს, მოსამართლეებმა გადაწყვიტონ, არიან რეჟიმის ტყვეები ან რეჟიმს ემსახურებიან, – ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციის, „საქართველოს ევროპული ორბიტის“ დამფუძნებელმა, ნინო ლომჯარიამ განაცხადა.

„ქვეყანაში საკონსტიტუციო სასამართლო არ არსებობს, მოსამართლეებმა თავად გადაწყვიტონ, არიან რეჟიმის ტყვეები ან რეჟიმს ემსახურებიან. ეს არის გადაწყვეტილება, რომლითაც რეჟიმმა უკანასკნელი სამართლებრივი გზა მოიჭრა, რაც იყო სამართლებრივად დარჩენილი, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გაეუქმებინა, ანტიკონსტიტუციურად ეცნო გაყალბებული და კრიმინალით განხორციელებული არჩევნები. ეს არის მათი პოლიტიკური გადაწყვეტილება. ძალაუფლებაში მყოფი თვითაღიარებული ჯგუფი გვეუბნება, რომ შექმნილი უკიდურესად მძიმე კრიზისის გადაჭრის სამართლებრივ გზებს თავად ხერგავს, ეს არის მათი პოლიტიკური არჩევანი“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

მისი თქმით, მოსამართლეებს ხელშეუხებლობის კონსტიტუციური გარანტიები აქვთ.

„რა ზეწოლა უნდა იყოს მოსამართლეებზე იმაზე უფრო სასტიკი, რასაც დაკავებული, ნაწამები ახალგაზრდები განიცდიან? არ ვიცი, ბიზნესინტერესები? დაგროვილი ქონების დაცვის ინტერესი? კორუფციული ინტერესები, ძალაუფლებაში დარჩენის ინტერესი? ამაზე ზეწოლით ახდენს გავლენას ძალაუფლებაში მყოფი თვითმარქვია ჯგუფი მოსამართლეებზე, სხვა რა ზეწოლა უნდა იყოს იმაზე მძიმე, რასაც მოქალაქეები ყოველდღიურად ქუჩებში განიცდიან. საერთოდ არანაირი არგუმენტი არ არის, რომ ვიღაცა ვიღაცაზე ზეწოლას ახდენს. რიგითი მოქალაქეები უძლებენ წამებას, არ უშინდებიან და რამ შეაშინა მოსამართლეები, რომლებსაც ხელშეუხებლობის კონსტიტუციური გარანტიები აქვთ?“ – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისა და ოპოზიციის 30 წარმომადგენლის სარჩელები, რომლებიც 26 ოქტომბრის არჩევნების არაკონსტიტუციურად ცნობას უკავშირდებოდა, წარმოებაში არ მიიღო.