ნინო ლომჯარია - პოლიტპატიმრად შეფასების უფლებას საკუთარ თავს პოლიტიკური ორგანოები აძლევენ, შეფასებისთვის საჭიროა, არსებობდეს კომპეტენტური ორგანოების კომპეტენტური გადაწყვეტილებები
ნინო ლომჯარია - პოლიტპატიმრად შეფასების უფლებას საკუთარ თავს პოლიტიკური ორგანოები აძლევენ, შეფასებისთვის საჭიროა, არსებობდეს კომპეტენტური ორგანოების კომპეტენტური გადაწყვეტილებები

რომ შევაფასოთ, არის თუ არა ადამიანი პოლიტპატიმარი, კომპეტენტურ ორგანოებს უნდა ჰქონდეთ მიღებული კომპეტენტური გადაწყვეტილებები, – ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ სალომე სამადაშვილის კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა, რომლიც გიორგი რურუას საკითხს ეხებოდა.

„პოლიტპატიმრებთან მიმართებით საქართველოში მიმდინარეობდა და მათ შორის, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან პოლიტიკური დისკუსია. მე მინდა, გითხრათ და ავხსნა, რას ნიშნავს ზოგადად პოლიტიკური პატიმრის ფენომენი, ვინ ანიჭებს და რა შემთხვევაში ხდება ადამიანის აღიარება პოლიტიკურ პატიმრად. პოლიტიკურ პატიმრად შეფასება, როგორც წესი, არის ხოლმე პოლიტიკური პროცესი. საკუთარ თავს ამის შესაძლებლობას და უფლებას აძლევენ პოლიტიკური ორგანოები. მაგალითად, საერთაშორისო დონეზე ასეთი პრაქტიკა ჰქონდა ევროპის საბჭოს, როგორც პოლიტიკურ ორგანოს. ამ შემთხვევაში საქართველოში პოლიტპატიმრებთან მიმართებით განცხადებებიც პოლიტიკოსებმა გააკეთეს“, – აღნიშნა სახალხო დამცველმა.

მისივე თქმით, პოლიტიკოსებს შეუძლიათ, საკუთარ თავს მისცენ უფრო მეტის თქმის საშუალება და გააკეთონ პოლიტიკური შეფასებები, ვიდრე ვთქვათ, დამოუკიდებელ ორგანოებს. ამასთან, ნინო ლომჯარიამ განმარტა, როგორ შეიძლება, ადამიანი იყოს აღიარებული პოლიტპატიმრად, მათ შორის, საერთაშორისო დონეზეც.

„ამისთვის აუცილებელია, მხედველობაში იღებენ ხოლმე, როგორც საერთაშორისო ინსტიტუტები, ასევე ადამიანის უფლებათა დაცვითი ორგანიზაციები, მათ შორის, ომბუდსმენის მსგავსი ინსტიტუტები შემდეგ გარემოებებს – პოლიტიკური პატიმრის სტატუსი შეიძლება, ადამიანს მიენიჭოს იმ შემთხვევაშიც კი, თუ მან გარკვეული სამართალდარღვევა ჩაიდინა, მაგრამ მნიშვნელობა აქვს, ყურადღება მივაქციოთ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: რა კონტექსტში მოხდა პირის მიმართ ბრალის წარდგენა, იყო თუ არა ეს პოლიტიკური კონტექსტი, იყო თუ არა პირი პოლიტიკურად აქტიური, მას ბრალი წარედგინა თუ არა პოლიტიკური ხასიათის ქმედებებში მონაწილეობის გამო, მაგალითად, აქციაში, რომელსაც პოლიტიკური მიზნები ჰქონდა. შემდეგი გარემოებაა, დაექვემდებარა თუ არა ის სამართლიანი სასამართლოს პროცედურებს, მის მიმართ განხორციელდა თუ არა სამართლიანი სასამართლოს უფლება, წარედგინა თუ არა ის ბრალი სწორად, რასაც სამართალდამცველი ორგანოები ედავებიან პირს, ხომ არ მოხდა მის მიმართ უფრო მკაცრი სასჯელის გამოყენება, ვიდრე ჩადენილი სავარაუდო გადაცდომა იყო და ა.შ. ეს არის ძალიან კომპლექსური საკითხი და იმისთვის, რომ ადამიანი ასე პირდაპირ ვახსენოთ და შევაფასოთ, არის თუ არა პოლიტპატიმარი, ამ საკითხებთან დაკავშირებით კომპეტენტურ ორგანოებს უნდა ჰქონდეთ მიღებული კომპეტენტური გადაწყვეტილებები, მათ შორის, ეს შეიძლება, იყოს სასამართლოს გადაწყვეტილებები, შეიძლება, იყოს ომბუდსმენის დასკვნები, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებები“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.