ნინო ლომჯარია - ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ პირთა უფლებრივი მდგომარეობა წლიდან წლამდე მძიმდება
ნინო ლომჯარია - ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ პირთა უფლებრივი მდგომარეობა წლიდან წლამდე მძიმდება

თუ საერთაშორისო სასამართლოები დაადგენენ საოკუპაციო ხელისუფლების ბრალეულობას, პასუხისმგებლობას, თუ ინდივიდუალურ პირთა პასუხისმგებლობას, ვფიქრობთ, ამას ექნება პრევენციული ეფექტი სამომავლოდ დანაშაულების ჩადენასთან მიმართებით, რაც წლიდან წლამდე სამწუხაროდ, იზრდება, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ ანგარიშის – „ათი წელი აგვისტოს ომიდან: დაზარალებულთა მდგომარეობა საქართველოში“ პრეზენტაციის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

სახალხო დამცველის თქმით, ყველაზე ეფექტური გზა, რითიც შეიძლება, საქართველომ დაიცვას თანამოქალქეების უფლებრივი მდგომარეობა, არის საერთაშორისო სასამართლოები, ტრიბუნალები და საერთაშორისო ასპარეზზე ამ საკითხის აქტიურად წამოწევა.

„წლიდან წლამდე მძიმდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ პირთა უფლებრივი მდგომარეობა, დევნილთა მდგომარეობა. შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, ერთადერთი, ყველაზე ეფექტური გზა, რითიც შეიძლება, საქართველომ დაიცვას ჩვენი თანამოქალაქეების უფლებრივი მდგომარეობა, არის საერთაშორისო სასამართლოები, ტრიბუნალები და საერთაშორისო ასპარეზზე ამ საკითხის აქტიურად წამოწევა, ამიტომ მნიშვნელოვანი იქნება სახელმწიფოს ჩართულობა და არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობა, რომ აქტიურად იყოს წამოწეული დაზარალებულ პირთა უფლებრივი მდგომარეობა საერთაშორისო სასამართლოების წინაშე. საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გააკეთოს მაქსიმალური, რადგან ეს არის ჩვენთვის ერთადერთი გზა დაზარალებულ პირთა უფლებების დასაცავად. ასევე პასუხისმგებლობას ყოველთვის მოსდევს პრევენცია. თუ საერთაშორისო სასამართლოები დაადგენენ საოკუპაციო ხელისუფლების ბრალეულობას, პასუხისმგებლობას თუ ინდივიდუალურ პირთა პასუხისმგებლობას, ვფიქრობთ, ამას ასევე ექნება პრევენციული ეფექტი სამომავლოდ დანაშაულების ჩადენასთან მიმართებით, რაც წლიდან წლამდე სამწუხაროდ, იზრდება. ჩვენ ბოლო რამდენიმე წელში ოთხი მძიმე ფაქტი გვქონდა, რაც სიცოცხლის მოსპობით დასრულდა. არაფერს ვამბობ გატაცების, თუ სხვა უფლებების დარღვევის ფაქტებზე“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.