ნინო ლომჯარია - ნინოწმინდის პანსიონის საკითხზე არაერთი წერილით მივმართეთ სხვადასხვა უწყებას, მოვუწოდეთ რეაგირებისკენ, სამწუხაროდ, მათი მხრიდან მზაობა არ ყოფილა
ნინო ლომჯარია - ნინოწმინდის პანსიონის საკითხზე არაერთი წერილით მივმართეთ სხვადასხვა უწყებას, მოვუწოდეთ რეაგირებისკენ, სამწუხაროდ, მათი მხრიდან მზაობა არ ყოფილა

ერთადერთი სახელმწიფო უწყება, რომელსაც ნინოწმინდის პანსიონთან დაკავშირებით მივმართეთ და გამოხატა კომუნიკაციის სურვილი, იყო საქართველოს პარლამენტი და ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე. როგორც ჩემთვის არის ცნობილი, პარლამენტის წევრები უმრავლესობიდან ცდილობენ, გარკვეული მედიატორის როლი შეასრულონ ამ საკითხთან დაკავშირებით, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ ნინოწმინდის პანსიონთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ომბუდსმენის აპარატმა არაერთხელ დააყენა აღნიშნულ საქმეში სახელმწიფო უწყებების ჩარევის აუცილებლობის საკითხი.

ლომჯარიას განცხადებით, ომბუდსმენის აპარატის წარმომადგენლები იმ ბავშვებს, რომლებიც პანსიონიდან უკვე გამოიყვანეს, მოინახულებენ.

„ვიცი, რომ დეპუტატები იმყოფებოდნენ პანსიონში, თუმცა არ ვიცი, რამდენად დააყენებენ სახალხო დამცველის შესვლის საკითხს. მთელი ამ ხნის განმავლობაში არაერთი წერილით მივმართეთ სხვადასხვა უწყებებს, მათ შორის ჯანდაცვის სამინისტროს, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს, მოვუწოდეთ მათ რეაგირებისკენ და ჩარევისკენ. სამწუხაროა, რომ მათი მხრიდან მზაობა ან სურვილი არ ყოფილა. მე რა ინფორმაციაც მაქვს არის ის, რომ სოციალური მუშაკები მუშაობენ და ასევე სამართალდამცველი ორგანოები. როგორც ვიცი წინააღმდეგობას აწყდებიან სოციალური მუშაკები ბავშვების ალტერნატიულ ზრუნვაში გადაყვანასთან დაკავშირებით, რადგან გაყვანილ იქნა ექვსი ბავშვი და ათ ბავშვთან დაკავშირებით მიდის ახლა მოლაპარაკება. როგორც ჩანს, წინააღმდეგობა არსებობს. ბავშვის განთავსებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას უნდა იღებდეს სახელმწიფო, მისი წარმომადგენელი, სოციალური მუშაკის სახით, რადგან ეს ბავშვები არიან სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ. იმისათვის, რომ გავიგოთ ბავშვის ენა, მას უნდა ესაუბროს ის ადამიანი, ვისაც აქვს კვალიფიკაცია, ანუ ბავშვი შეიძლება საუბრობდეს ერთს და მისი სიტყვებით ჩვენ, შესაბამისი ექსპერტი, ფსიქოლოგი იგებს რა დგას ამ სიტყვების უკან, ან შეიძლება თუ არა საუბრობდეს ბავშვი თავისუფლად და რამდენად შეიძლება ეს იყოს თავსმოხვეული აზრი, თუ მისი გულწრფელი საუბარი. ამიტომ არის მნიშვნელოვანი დამოუკიდებელი მონიტორინგი. გვიან ღამით იყვნენ ბავშვები გამოყვანილი, ამიტომ დასვენების რეჟიმში იყვნენ, ასევე საგამოძიებო უწყებები ფსიქოლოგების ჩართულობით მათთან მუშაობენ. ჩვენ როგორც კი იქნება ამის საშუალება, მოვინახულებთ ამ ბავშვებს“, – განაცხადა ლომჯარიამ.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნინოწმინდის პანსიონთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. შსს-ში აცხადებენ, რომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში აღსაზრდელების მიმართ შესაძლო დანაშაულის ფაქტებზე საგამოძიებო მოქმედებები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.