ნინო ლომჯარია - ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის მოქმედი თუ ყოფილი აღსაზრდელებისგან ვიღებთ შეტყობინებებს, რომ მათზე მიმდინარეობს სერიოზული ზეწოლა, რათა არ მისცენ ჩვენებები
ნინო ლომჯარია - ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის მოქმედი თუ ყოფილი აღსაზრდელებისგან ვიღებთ შეტყობინებებს, რომ მათზე მიმდინარეობს სერიოზული ზეწოლა, რათა არ მისცენ ჩვენებები

ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის მოქმედი თუ ყოფილი აღსაზრდელებისგან ვიღებთ შეტყობინებებს, რომ მათზე მიმდინარეობს სერიოზული ზეწოლა, რათა არ მისცენ ჩვენებები, – აცხადებს სახალხო დამხცველი ნინო ლომჯარია.

სახალხო დამცველის თქმით, მათ დაუკავშირდა პანსიონის ერთ-ერთი ყოფილი აღსაზრდელი, რომელსაც ჩვენების მიცემის შემდეგ საერთო საცხოვრებელი დაატოვებინეს.

„სახალხო დამცველის აპარატი იღებს შეტყობინებებს ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის მოქმედი თუ ყოფილი აღსაზრდელებისგან, რომ მათზე მიმდინარეობს სერიოზული ზეწოლა, რათა არ მისცენ ჩვენებები სამართალდამცავ ორგანოებს, მათ მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტების შესახებ, რასაც ადგილი ჰქონდა ნინოწმინდის პანსიონში ცხოვრების დროს.

დაგვიკავშირდა ერთ-ერთი ყოფილი აღსაზრდელი, რომელიც ახლა ირიცხება ხიჭაურის უნივერსიტეტში, ეს არის საპატრიარქოს დაქვემდებარების ქვეშ მყოფი უნივერსიტეტი, სადაც ძირითადად სწავლობენ ნინოწმინდის პანსიონის ყოფილი ბენეფიციარები. მათი ერთადერთი საცხოვრებელი დღესდღეობით არის სწორედ ამ უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებელი. პირმა განგვიცხადა, რომ რამდენიმე დღის წინ გადაწყვიტა, მიუხედავად დიდი ზეწოლისა, რომ მიეცა ჩვენება ძალადობის ფაქტების შესახებ პოლიციისთვის და პოლიციიდან უკან დაბრუნებულს აიძულეს, მოსთხოვეს უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა, დაეტოვებინა უნივერსიტეტის ტერიტორია. მან წუხანდელი ღამე გაათევინა ადგილობრივმა მოსახლემ. ის დღესდღეობით არის ღია ცის ქვეშ და სახალხო დამცველის აპარატი მუშაობს, რომ სახელმწიფო უწყებებთან ერთად გამოიძებნოს მისთვის თავშესაფარი. მიმაჩნია, რომ ასეთი ფაქტები შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, იძულებას. არის საყურადღებო და საგანგაშო. ამიტომ მინდა, მივმართო სახელმწიფო უწყებებს, მათ შორის საგამოძიებო ორგანოებს, რომ დაინტერესდნენ ამ ფაქტებით. ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენ შევუქმნათ აღსაზრდელებს, ასევე ყოფილ აღსაზრდელებს იძულებისგან, ზეწოლისგან თავისუფალი გარემო და მინდა, რომ სახელმწიფი ინსტიტუტებამდე მივიტანოთ ეს ხმა.

მე პირადად მაქვს მიღებული ინფორმაცია, როგორც არასრულწლოვნებისგან, ისე სრულწლოვნებისგან, რომ იყო მცდელობები და მათზეც მიმდინარეობს ზეწოლა, რომ აღარ ისაუბრონ აღსაზრდელებმა ამ ფაქტების შესახებ. რაც შეეხება ამ კონკრეტულ განცხადებას, ამ პირის ინფორმაციით, ასევე არიან სხვა ყოფილი აღსაზრდელები, რომლებსაც შეუძლიათ, იგივე ინფორმაცია მიაწოდონ გამოძიებას, თუმცა უყურებენ, როგორ განვითარდება მოვლენები მასთან მიმართებით. ამიტომ ეს შემთხვევა იქნება სხვისთვისაც სამაგალითო, თუ პირი სამაგალითოდ დაისაჯა იმისთვის, რომ ისაუბრა გამოძიებასთან, რა თქმა უნდა, სხვებიც თავს შეიკავებენ საუბრისგან. ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ყველა იმ პირს დავეხმაროთ მაქსიმალურად, რომ შეძლონ თავისუფლად საუბარი“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.