ნინო ლომჯარია - ნარკოტიკების გამსაღებლების მიმართ მიდგომა უნდა იყოს მკაცრი
ნინო ლომჯარია - ნარკოტიკების გამსაღებლების მიმართ მიდგომა უნდა იყოს მკაცრი

ლიბერალური ნარკოპოლიტიკა გულისხმობს არა ნარკოტიკების გამსაღებლების, არამედ მომხმარებლების მიმართ ლიბერალურ მიდგომას, რაც გამოიხატება პრევენციულ და სარეაბილიტაციო ღონისძიებების გატარებაში. ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„პირველ რიგში ეს არის სამართალდამცავი უწყებების კომპეტენცია და მათი შესწავლის საგანი. ჩეენ ვემხრობით ნარკოპილიტიკის რეფორმას, რომელიც მიმართული იქნება პრევენციასა და ნარკომომხმარებლების რეაბილიტაციაზე. რაც შეეხება შავ ბაზარს და მკვლელ ნარკოტიკებს, სახალხო დამცველის წლიურ ანგარიშში მოყვანილი გვაქვს სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის კვლევები, სადაც აღნიშნულია, რომ მკაცრი და რეპრესიული ნარკოპოლიტიკა ხელს უწყობს მსგავსი ტიპის მომაკვდინებელი ნარკოტიკების შემოსვლას”,-განაცხადა ნინო ლომჯარიამ და აღნიშნა, რომ  ნარკომომხმარებლები მაქსიმალურად ცდილობენ ამ ფაქტის დამალვას, რაც ხშირად ფატალური შედეგით მთავრდება.

„მნიშვნელოვანია, სახელმწიფოს ჰქონდეს ლიბერალური მიდგომა ნარკომომხმარებლების მიმართ, რაც გამოიხატება პრევენციული ღონისძიებების გატარებაში, ასევე სამედიცინო და სხვა ტიპის მომსახურეობის მიწოდებაში. ლიბერალური მიდგომა არ გულისხმობს ლიბერალურ მიდგომას ნარკოტიკების გამსაღებლების მიმართ. მიგვაჩნია, რომ ამ მიმართულებით პოლიტიკა უნდა იყოს მკაცრი. ლიბერალური მიდგომა გულისხმობს რეაბილიტაციას და დახმარებას, რომ მათ არ მოიხმარონ კუსტარულად დამზადებული ნარკოტიკი და ჰქონდეთ სამედიცინო და სხვა ტიპის მხარდაჭერა, რათა ნაკლები ზიანი მიადგეს მათ ჯანმრთელობას “,- განაცხადა ლომჯარიამ.