ნინო ლომჯარია - ვფიქრობ, „ნამახვანჰესის“ პროცესს აკლია დიალოგი ხელისუფლებასა და საზოგადოებას შორის
ნინო ლომჯარია - ვფიქრობ, „ნამახვანჰესის“ პროცესს აკლია დიალოგი ხელისუფლებასა და საზოგადოებას შორის

ვფიქრობ, პროცესს აკლია დიალოგი ხელისუფლებასა და საზოგადოებას შორის. ეს არის დღეს მთავარი პრობლემა, რადგან „რიონის ხეობის მცველებისგან“ მოვისმინე ძალიან ლეგიტიმური შეკითხვები რაც მათ აქვთ როგორც უშუალოდ ხელშეკრულებასთან, ასევე გარემოზე ზემოქმედების ანგარიშთან დაკავშირებით, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ „ნამახვანჰესის“ კასკადის მოწინააღმდეგეებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

როგორც ნინო ლომჯარიამ აღნიშნა, „რიონის ხეობის მცველების“ მიაჩნიათ, რომ დღეს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლება უნდა აქტიურობდეს და არა სამართალდამცველი ორგანოების წარმომადგენლები, რადგან ძალისმიერი მეთოდებით ამ პრობლემას ვერ გადაწყვეტენ.

„დღეს სახეზე გვაქვს გარკვეული დაპირისპირების მცდელობები, თუ ინციდენტები, ამიტომ ვითარებას გამოიყვანს იმ ფორმატების შექმნა, სადაც საზოგადოებას ექნება შესაძლებლობა, მიიღოს ამომწურავი პასუხები იმ ლეგიტიმურ კითხვებზე, რაც გააჩნიათ. რადიკალური განცხადებები ამ ადამიანებს ჩემთან საუბრის დროს არ გაუკეთებიათ, ისინი ითხოვენ დიალოგს და მათი პროტესტის მიზანი არის დიალოგი, იმიტომაც არ გადადიან რადიკალურ ფორმებზე, რომ მათ სურთ ხელისუფლებას დაუსვან ეს შეკითხვები და მიიღონ პასუხები. ძალიან სამწუხაროა, რომ იყო გაცხადებული პროცესში მინისტრის ჩართვის თაობაზე, თუმცა ეს ფორმატი არ შედგა. ეს ადამიანები მზად არიან უწყებების წარმომადგენლებთან შესახვედრად და ამ კითხვებზე პასუხებია მისაღებად. შეკითხვები აქვთ პრემიერ-მინისტრთან, რადგან სწორედ პრემიერი იყო ინიციატორი იმისა, რომ მინისტრს დაეწყო დიალოგი საზოგადოებასთან“, – განაცხადა ლომჯარიამ.

მისივე თქმით, შეხვდა კომპანია „ენკას“ წარმომადგენლებს და მათგან მოისმინა ინფორმაცია.

„შევთანხმდით, რომ მოგვაწვდიან დეტალურ დოკუმენტირებულ ინფორმაციას წერილობით კონკრეტული ფაქტების თაობაზე, ასევე მათ განვუმარტე, რომ ის ფაქტები, რაზეც ისინი საუბრობენ, წარმოადგენენ სავარაუდო სამართალდარღვევის ფაქტებს. თუკი ადგილი აქვს ვინმეს დაშინებას, ვინმეს მიმართ ზეწოლას, მუქარას და ა.შ. ასეთი ფაქტები არის სავარაუდო სამართალდარღვევები და ამ ფაქტებზე რეაგირება ევალება სამართალდამცავ უწყებებს“, – განაცხადა ლომჯარიამ.