ნინო ლომჯარია - მთავარი პროკურორის თანამდებობაზე ისეთი კანდიდატი უნდა შეირჩეს, რომელსაც მიუკერძოებელი ადამიანის რეპუტაცია აქვს
ნინო ლომჯარია - მთავარი პროკურორის თანამდებობაზე ისეთი კანდიდატი უნდა შეირჩეს, რომელსაც მიუკერძოებელი ადამიანის რეპუტაცია აქვს

სამოქალაქო საზოგადოებასთან და სხვა პროფესიულ წრეებთან შეთანხმებით ისეთი კანდიდატურა უნდა შეირჩეს, რომელიც ფართო საზოგადოებისთვის მისაღები იქნება და რომელსაც მიუკერძოებელი, აპოლიტიკური და პროფესიონალი ადამიანის რეპუტაცია აქვს, – ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ახალი მთავარი პროკურორის შერჩევის პროცესში არ უნდა დარჩეს შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლება მისთვის სასურველი კანდიდატის დასახელებას ცდილობს.

„ვფიქრობ, მომავალი მთავარი პროკურორის არჩევა ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებზე სახელმწიფოს ერთ-ერთი პასუხი უნდა იყოს. როგორ წარიმართება მოვლენები, ეს დაგვანახებს ხელისუფლებას დამოუკიდებელი საგამოძიებო უწყებების მიმართ როგორი დამოკიდებულება ექნება. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, ამ პროცესში არ დარჩეს შეგრძნება, რომ პოლიტიკური ხელისუფლება მისთვის სასურველი კანდიდატის დასახელებას ცდილობს.

აუცილებელია, პროცესი მაქსიმალურად ინკლუზიური იყოს. სამოქალაქო საზოგადოებისა და სხვა პროფესიულ წრეებთან შეთანხმებით ისეთი კანდიდატურის დასახელება უნდა მოხდეს, რაც ფართო საზოგადოებისთვის მისაღებია და რომელსაც მიუკერძოებლის, აპოლიტიკური და პროფესიონალი ადამიანის რეპუტაცია აქვს. ეს საზოგადოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი იქნება“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

მთავარმა პროკურორმა, ირაკლი შოთაძემ თანამდებობა გუშინ დატოვა.