ნინო ლომჯარია - მოსამართლეთა შერჩევის პროცესში საზოგადოებრივი მაუწყებლის როლი მინდა, განსაკუთრებულად აღვნიშნო
ნინო ლომჯარია - მოსამართლეთა შერჩევის პროცესში საზოგადოებრივი მაუწყებლის როლი მინდა, განსაკუთრებულად აღვნიშნო

მოსამართლეთა შერჩევის პროცესში საზოგადოებრივი მაუწყებლის როლი მინდა, განსაკუთრებულად აღვნიშნო, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „კვირის ინტერვიუ“ სტუმრობისას განაცხადა.

„საზოგადოებრივმა მაუწყებელმა იუსტიციის საბჭოში გასაუბრების დროს პირდაპირი ტრანსლაცია შემოგვთავაზა, რაც გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან თავად საბჭომ ვიდეომასალა დაგვიანებით ატვირთა. პროცესს მე პირადადაც საზოგადოებრივი მაუწყებლის საშუალებით ვადევნებდი თვალს“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

როგორც სახალხო დამცველმა აღნიშნა, პარლამენტში მიმდინარე პროცესის გამჭვირვალობისა და ჩართულობის ხარისხს პოზიტიურად აფასებს.

„თუმცა, მთავარი მიზანი, რის გამოც ჩვენ ის კანონი მივიღეთ და ამ ყველაფერში ამდენი შრომა ჩავდეთ, იყო ის, რომ პროცესის შედეგად არჩეულ იყვნენ ყველაზე საუკეთესო კანდიდატები. ჩემი დასკვნით, რაც სხვადასხვა ობიექტურ გარემოებებს, მტკიცებულებებს, თუ შეფასებებს ემყარება, სამწუხაროდ, იუსტიციის საბჭოში ვერ ვნახეთ ის პროცესი, რომ მათ საუკეთესო კანდიდატები შეარჩიეს“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, აქვს თუ არა მას მოლოდინი, რომ მმართველი გუნდი დასავლელ პარტნიორებს დაუჯერებს და მოსამართლეების მხოლოდ იმ რაოდენობას დაამტკიცებს, რაც უზენაესი სასამართლოს ასე თუ ისე გამართული მუშაობისთვის აუცილებელია და შეუძლია თუ არა მას, თავის ახლო მეგობართან, თამარ ჩუგოშვილთან გადაამოწმოს, მიღებულია თუ არა „ქართულ ოცნებაში“ პოლიტიკური გადაწყვეტილება, ნინო ლომჯარიამ განაცხადა, რომ შეიძლება, თამარ ჩუგოშვილი მისი მეგობარია, მაგრამ ისინი ასეთ საკითხებზე არ საუბრობენ.

„ეს არც იქნება სწორი, კულუარულად გავიგო რაღაც ინფორმაცია; ეს არ იქნება დასაბუთებული, თუმცა, საკმარისზე მეტ ინფორმაციაზე გვაქვს წვდომა. იმაზე მეტზე, ვიდრე შეიძლება, დეპუტატებს აქვთ. კერძოდ, ჩვენ ძალიან დეტალურად შევისწავლეთ კენჭისყრის შედეგები, ყველა ის ინფორმაცია, რაც კანდიდატებმა წარადგინეს, მათი განათლების, კვალიფიკაციის, გამოცდილების შესახებ და ხვალ, ვფიქრობ, ძალიან საინტერესო მიგნებები გვექნება. იმედი მაქვს, დეპუტატები, თუ იქ დამსწრე პირები გამოიყენებენ ამ დასკვნებს მათ მიერ გადაწყვეტილებების მიღების დროს, ინდივიდუალურ კანდიდატებთან დაკავშირებით“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.