ნინო ლომჯარია - მივმართავ საპატრიარქოს, მისცენ სახალხო დამცველს საკუთარი მანდატის განხორციელების შესაძლებლობა
ნინო ლომჯარია - მივმართავ საპატრიარქოს, მისცენ სახალხო დამცველს საკუთარი მანდატის განხორციელების შესაძლებლობა

ალბათ, გარკვეული დრო უნდა გავიდეს და დავინახოთ დამოკიდებულებაში ცვლილება ჩვენი მანდატის განხორციელებასთან დაკავშირებით, ამის შემდეგ შემეძლება გავაკეთო შეფასებები. პირველი განცხადებები, რაც გაკეთდა მაფიქრებინებს, რომ მათ შორის საპატრიარქოც იზიარებს, რომ დიდი ზომის ინსტიტუციები არ შეესაბამება ბავშვების საუკეთესო ინტერესებს, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ ნინოწმინდის პანსიონთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, დაიწყო მუშაობა, რომ მოხდეს ბავშვების რეინტეგრაცია, ოჯახის გაძლიერება და შემდგომ, ალტერნატიულ, ოჯახთან მიახლოებულ გარემოში გადაყვანა.

„შევხედავთ, როგორ განვითარდება მოვლენები. იმედია, უფრო მკაფიო გზავნილები იქნება, მათ შორის ახალი მენეჯმენტის მხრიდან, რომ სახალხო დამცველის მანდატის განხორციელებას არ შეექმნება პრობლემები და არ გახდება ჩვენი იქ შესვლა ბავშვებზე დამატებითი ფსიქოლოგიური თუ სხვა ტიპის ზეწოლის განხორციელების საფუძველი. ჩვენ ასევე დავაკვირდებით ხომ არ შეჩერდება ბავშვების გამოყვანა პანსიონიდან, რადგან ბოლო დღეებში ვხედავდით, რომ ეს აქტიურად ხორციელდებოდა. იმედი მაქვს, გაგრძელდება, თუმცა თუ დავინახეთ, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში ეს პროცესი შეჩერდა, მივიღებთ დაუყოვნებლივ გადაწყვეტილებას, რომ ჩავიდეთ ადგილზე და განვახორციელოთ მონიტორინგი. თუ უახლოეს დღეებში დავინახეთ, რომ ბავშვების პანსიონიდან გამოყვანის პროცესი შეჩერდა და არ განხორციელდა ისე აქტიურად, როგორც ბოლო პერიოდში ხორციელდებოდა, მივიღებთ გადაწყვეტილებას რომ განვახორციელოთ მონიტორინგი“, – განაცხადა ლომჯარიამ.

ომბუდსმენის განცხადებით, ის მზად არის საპატრიარქოს წარმომადგენლებს შეხვდეს.

„თუ აქვს საპატრიარქოს წარმომადგენლებს სახალხო დამცველთან შეხვედრის სურვილი, ჩვენ არ ვართ დახურულები და ღია ვართ მათთან სასაუბროდ. თუ ექნებათ სურვილი, მე ყველა კონფესიის წარმომადგენელს ვხვდები და ჩემი მხრიდან არანაირი წინააღმდეგობა არ ექნება. მივმართავ პირდაპირ ეთერში საპატრიარქოს, რომ მისცენ სახალხო დამცველს, როგორც კონსტიტუციურ ორგანოს და ბავშვების უფლებების დაცვაზე ზედამხმედველობის განმახორციელებელ ორგანოს, საკუთარი მანდატის განხორციელების შესაძლებლობა. იმედი მაქვს, ამაზე მივიღებ დადებით პასუხს. ეს იქნება პოზიტიური პირველ რიგში ბავშვებისთვის, რადგან ბავშვები არიან ძალიან დიდი წნეხის და ზეწოლის ქვეშ. ამიტომ, მოგვეცით მშვიდ გარემოში ჩვენი საქმიანობის განხორციელების შესაძლებლობას და ამის შემდგომ ვართ მზად,ნებისმიერ საკითხზე ვისაუბრო მათთან. პირველ რიგში, ახლა ყველას ინტერესშია, რომ სიტუაციის დამშვიდება მოხდეს, რადგან თუ ეს არ მოხდა, როგორც პანსიონში მყოფ ბავშვებზე, ასევე ახალგაზრდებზე კვლავ გაგრძელდება სერიოზული წნეხი და ზეწოლა“, – განაცხადა ლომჯარიამ.