ნინო ლომჯარია - აღნიშვნის ღირსია, რომ პოლიციამ „თბილისი პრაიდის“ ღონისძიების მონაწილეთა უსაფრთხოება უზრუნველყო, ვიმედოვნებ, იგივე გაგრძელდება დაგეგმილ ღონისძიებებთან მიმართებით
ნინო ლომჯარია - აღნიშვნის ღირსია, რომ პოლიციამ „თბილისი პრაიდის“ ღონისძიების მონაწილეთა უსაფრთხოება უზრუნველყო, ვიმედოვნებ, იგივე გაგრძელდება დაგეგმილ ღონისძიებებთან მიმართებით

სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას განცხადებით, მისასალმებელია, რომ პოლიციამ „თბილისი პრაიდის“ ღონისძიების მონაწილეთა უსაფრთხოება უზრუნველყო.

ლომჯარია იმედოვნებს, რომ კვირეულის ფარგლებში დაგეგმილ სხვა ღონისძიებებთან, განსაკუთრებით მსვლელობასთან დაკავშირებითაც პოლიცია ისევ მაღალ პასუხისმგებლობას გამოიჩენს.

„პირველ რიგში, ძალიან სამწუხაროა, რომ ნამდვილად სიძულვილის ჯგუფები მოქმედებდნენ აგრესიულად, თუმცა მივესალმები და აღნიშვნის ღირსია, როგორ იმუშავა პოლიციამ. ჩემი წარმომადგენლები იმყოფებოდნენ ადგილზე და ნამდვილად შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ამ შემთხვევაში პოლიციამ უზრუნველყო ღონისძიების მონაწილეთა უსაფრთხოება.

დიდ იმედს გამოვთქვამ, რომ იგივე გაგრძელდება დაგეგმილ ღონისძიებებთან მიმართებით, განსაკუთრებით პრაიდის მსვლელობასთან დაკავშირებით, სადაც რისკები მეტად მომეტებულია. ვიმედოვნებ, პოლიცია ისევ გამოიჩენს ძალიან მაღალ პასუხისმგებლობას და ჩვენ შევძლებთ, აღნიშნული ღონისძიება უსაფრთხო გარემოში ჩავატაროთ“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

„თბილისი პრაიდის“ კვირეული გუშინ დაიწყო. პირველ ღონისძიებად ფილმის ჩვენება გაიმართა, რომელსაც დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. ტერიტორიასთან, სადაც ფილმის ჩვენება მიმდინარეობდა, პრაიდის მოწინააღმდეგეები იყვნენ შეკრებილი. ადგილზე ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა. სამართალდამცველებსა და პრაიდის მოწინააღმდეგეებს შორის დაპირისპირებისას პოლიციამ ადმინისტრაციული წესით 20 პირი დააკავა.