ნინო ლომჯარია - მიმაჩნია, რომ პროპორციული საარჩევნო სისტემა გაცილებით მეტად უზრუნველყოფს სამართლიან საარჩევნო გარემოს
მე მიმაჩნია, რომ ჩვენს რეალობაში და ქართულ კონტექსტში პროპორციული საარჩევნო სისტემა გაცილებით მეტად უზრუნველყოფს სამართლიან, თანასწორ საარჩევნო გარემოს, შესაბამისად, სახალხო დამცველი მხარს უჭერს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას, – ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ განაცხადა.
როგორც ნინო ლომჯარიამ აღნიშნა, მთავარი სათქმელი ეკუთვნის ხალხს და ქართველ პოლიტიკოსებს.
„ვფიქრობ, რომ პროპორციული სისტემა არის უფრო სამართლიანია, უფრო მეტად არის დაცული საარჩევნო უფლებები ამ სისტემის ფარგლებში. ვფიქრობ, ეს ასევე ხელს უწყობს უფრო მეტად პოლიტიკურ სტაბილურობას ქვეყანაში. ამიტომ კარგია, რომ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები ამასთან დაკავშირებით აქტიურობენ, მაგრამ ვფიქრობ, მთავარი სათქმელი ალბათ გვეკუთვნის ჩვენ. სახალხო დამცველის ჩართულობა მინიმალურია. მაქსიმალური, რაც ჩვენ გავაკეთეთ ეუთო/ოდირისთვის მიმართვა იყო. მთავარი რეკომენდაცია მდგომარეობდა იმაში, რომ საარჩევნო სისტემა იყოს მიღებული კონსენსუსის და ჩართულობის გზით. ხელისუფლებას უფრო მეტი პასუხისმგებლობა აკისრია. მისი მხრიდან შესაძლოა, უფრო მეტი კომპრომისი იყოს საჭირო. თუმცა, გეთანხმებით, რომ კომპრომისული გადაწყვეტილება ამ ეტაპზე ცოტა რთულად არის წარმოსადგენი იმ ვითარებაში, რაც დღეს გვაქვს“, – განაცხადა ლომჯარიამ.