ნინო ლომჯარია - მიხეილ სააკაშვილისგან თანხმობის შემთხვევაში, ექიმთა ჯგუფი რეგულარულად მიაწვდის საზოგადოებას ინფორმაციას ჯანმრთელობის შესახებ, პატიმრის პერსონალური მონაცემების დარღვევის გარეშე
ნინო ლომჯარია - მიხეილ სააკაშვილისგან თანხმობის შემთხვევაში, ექიმთა ჯგუფი რეგულარულად მიაწვდის საზოგადოებას ინფორმაციას ჯანმრთელობის შესახებ, პატიმრის პერსონალური მონაცემების დარღვევის გარეშე

ყველაზე პრობლემური ამ ეტაპზე არის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა და მნიშვნელოვანია, რომ ობიექტური და დროული ინფორმაცია მიეწოდებოდეს საზოგადოებას მისი მდგომარეობის შესახებ, თუმცა ეს უნდა მოხდეს ისე, რომ არ იყოს უხეშად დარღვეული მისი პერსონალური მონაცემები, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ განაცხადა.

როგორც ლომჯარია აცხადებს, მნიშვნელოვანია, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის ანალიზის მიზნით, ჯანდაცვის სამინისტროში უკვე შეიქმნა მულტიფუნქციური ჯგუფი.

„როგორც ვიცი, მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმიც იყო ჩართული ამ მულტიდისციპლინური ჯგუფის შექმნაში. ახლა ველოდებით თავად პატიმრის თანხმობას, რომ ამ ჯგუფმა იმუშაოს. ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რა თქმა უნდა, პატიმრის და მისი პირადი ნდობა ამ ექიმების საქმიანობის მიმართ. მნიშვნელოვანია ის, რომ თუკი იქნება თანხმობა, ისინი რეგულარულად განახორციელებენ ჯანმრთელობის მონიტორინგს და საზოგადოებას მიაწვდიან იმ ინფორმაციას, რისი გაზიარებაც არ დაარღვევს პატიმრის პერსონალურ მონაცემებს, თუმცა იქნება ზოგადი ხასიათის, მაგრამ მნიშვნელოვანი და ობიექტური ინფორმაცია მისი ჯანმრთელობის დინამიკის თაობაზე.

იქედან გამომდინარე, რომ სახალხო დამცველი რეალურად არის ერთადერთი სახელმწიფო ინსტიტუტი, რომელიც ობიექტურად ახორციელებს დაკვირვებას ციხეში მყოფი ადამიანების უფლებრივ მდგომარეობაზე, სახალხო დამცველი როლი იქნება ის, რომ ამ ფორმატში ჩვენი მოსაზრებები, შენიშვნები თუ რეკომენდაციები და ინფორმაცია გავუზიაროთ სხვადასხვა უწყებებს, მათ შორის პარლამენტს, თავად პენიტენციურ სამსახურს, ჯანდაცვის სამინისტროს და ვიმსჯელოთ უფლებრივ საკითხებზე.

ასევე დღეს გვეთხოვა, რომ რეგულარულად განვახორციელოთ მისი მდგომარეობის მონიტორინგი. ამას ისედაც ვაკეთებთ და სამომავლოდაც გავაგრძელებთ. ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ასევე, რომ ჩვენც ამ ჯგუფში მონაწილეობით მოგვეცემა საშუალება, რომ პროფესიონალ ექიმებთან ერთად გვქონდეს ობიექტური ინფორმაცია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე“,- განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

მისივე თქმით, სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა უკვე არაერთხელ მოინახულეს მიხეილ სააკაშვილი.

ამასთან, როგორც ნინო ლომჯარიამ აღნიშნა, იუსტიციის სამინისტროში დღეს გამართულ შეხვედრაზე მიხეილ სააკაშვილის როგორც პატიმრის უფლებრივ მდგომარეობაზე ისაუბრა.

„მონახულებას ვაპირებთ მომავალშიც. ზუსტ დროს ზოგადად წინასწარ არ ვასახელებთ ხოლმე, თუმცა ეს იქნება რეგულარული ვიზიტები.

ასევე ვისაუბრე იმაზე, რომ ალბათ მნიშვნელოვანი იქნება ამ ჯგუფშიც განვიხილოთ მისი, როგორც ბრალდებულის საპროცესო უფლებებიც. ეს საკითხიც დადგება დღის წესრიგში, თუმცა დღეს ყველაზე აქტუალური თემა არის მისი, როგორც პატიმრის უფლებრივი მდგომარეობა. მისი, როგორც პატიმრის უფლებრივი მდგომარეობის თვალსაზრისით ერთადერთი მნიშვნელოვანი დარღვევა, რაც ჩვენ დავაფიქსირეთ, ეს იყო მისი პერსონალური მონაცემების უნებართვოდ გასაჯაროება. კერძოდ, საქმე ეხება ჯანმრთელობის შესახებ დეტალურ ინფორმაციას, რაც პენიტენციურმა სამსახურმა გაასაჯაროვა, რაზეც ისაუბრა პრემიერ-მინისტრმაც. ამიტომ მიგვაჩნია, რომ ეს იყო მისი, როგორც პატიმრის უფლების დარღვევა. სხვა თვალსაზრისით, ასე ვთქვათ, ადგილზე ჩვენ რაიმე პრობლემები და დარღვევები არ დაგვიფიქსირებია“,- განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

დატოვე კომენტარი