ნინო ლომჯარია მიიჩნევს, რომ პირადი ცხოვრების ჩანაწერების გავრცელების შემთხვევაში, ბრალის წარდგენისას განზრახვის კომპონენტი გასათვალისწინებელია 
ნინო ლომჯარია მიიჩნევს, რომ პირადი ცხოვრების ჩანაწერების გავრცელების შემთხვევაში, ბრალის წარდგენისას განზრახვის კომპონენტი გასათვალისწინებელია 

პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერების გასაჯაროებისა და გავრცელების შემთხვევაში, პირის პასუხისგებაში მიცემა მისასალმებელია, თუმცა მიმაჩნია, რომ ბრალის წარდგენისას განზრახვის კომპონენტის გათვალისწინება მნიშვნელოვანია, – ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების საქმეზე დაკავებულების საკითხზე კომენტირებისას განაცხადა.

როგორც ნინო ლომჯარიამ აღნიშნა, ადამიანი, რომელიც პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებს მიიღებს და მისი განზრახვა ამ ჩანაწერის გავრცელება არ არის, ბრალდებულის სკამზე არ უნდა აღმოჩნდეს.

„ამ ეტაპზე პირადი ცხოვრების მასალების გავრცელების საქმესთან წვდომა არ გვაქვს. მინდა, მივმართო ყველა მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ უკანონოდ არის ბრალდებული, მათი საქმის მასალები და ბრალის დადგენილება მოგვაწოდონ. ჩვენ საქმეებს გავეცნობით და იმ ადამიანებს დავეხმარებით, სადაც განზრახვა არ იკვეთება. რაც შეეხება შემთხვევას, როდესაც მოქალაქეებმა სრული შეგნებით და განზრახვით გადააგზავნეს ვიდეომასალები, მიმაჩნია, რომ ეს კანონის დარღვევა და დანაშაულია. ასევე მნიშვნელოვანია იმ ადამიანის უფლებები დავიცვათ, რომლებსაც მსგავსი ტიპის კადრებს უვრცელებენ“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

მისივე თქმით, სახელმწიფო დღეს ამბობს, რომ ისინი უუნაროები არიან გამოავლინონ, ვინ დგას ამ დანაშაულის უკან.

„ეს ძალიან სასტიკი დანაშაულია. ერთ-ერთი ფორმა, რათა პრევენცია მოვახდინოთ მომავალში მსგავსი მასალების, არის ის, რომ შსს იქნება თუ პროკურატურა, ამ კადრების გავრცელების შემთხვევაში, შესაბამისი პასუხისმგებლობის ზომები გამოიყენოს.ამ შემთხვევაში არ მიმაჩნია, რომ პატიმრობა გამოყენებული უნდა იყოს. მოვუწოდებ სამართალდამცავებს, ამ ადამიანების მიმართ მაქსიმალურად არამკაცრი სისხლის სამართლის პოლიტიკა გამოიყენონ, რადგან ეს პირველი შემთხვევა იყო და საზოგადოებამ არ იცოდა, რომ დანაშაული იყო“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.