ნინო ლომჯარია - მესმის, არ შეიძლება, საპატრიარქო ნარკოპოლიტიკაზე ნებისმიერ ლიბერალურ დამოკიდებულებას მხარს უჭერდეს, თუმცა მე ნარკოპოლიტიკის გადახედვის მომხრე ვარ
ნინო ლომჯარია - მესმის, არ შეიძლება, საპატრიარქო ნარკოპოლიტიკაზე ნებისმიერ ლიბერალურ დამოკიდებულებას მხარს უჭერდეს, თუმცა მე ნარკოპოლიტიკის გადახედვის მომხრე ვარ

მესმის, რომ არ შეიძლება, საპატრიარქოს, რელიგიური ორგანიზაციის წარმომადგენლები ნარკოპოლიტიკის მიმართ ნებისმიერ ლიბერალურ დამოკიდებულებას მხარს უჭერდნენ, თუმცა სახალხო დამცველი  არსებული ნარკოპოლიტიკის გადახედვას მხარს უჭერს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ განუცხადა, რომელიც სინოდის სხდომის ოქმს გამოეხმაურა.

ლომჯარიას თქმით, ნარკოდამოკიდებულებსა და ნარკომომხმარებლებზე საპატიმრო სასჯელი უნდა გამოირიცხოს, ასევე დოზირება უნდა განისაზღვროს, რადგან არსებული დოზირება არ განსაზღვრავს, რა შეიძლება იყოს თუნდაც მცირე რაოდენობა.

„ამიტომ, ხშირ შემთხვევაში, ძალიან მცირე ოდენობის გამოც შესაძლებელია პირი პატიმრობას დაექვემდებაროს. სახალხო დამცველი მხარს რეპრესიული ნარკოპოლიტიკიდან მზრუნველობით და სარეაბილიტაციო პოლიტიკაზე გადასვლას უჭერს, რადგან წლებია, რეპრესიული, ძალიან მკაცრი ნარკოპოლიტიკა გვაქვს და ამის მიუხედავად, ნარკომომხმარებლების შემცირებას ვერ მივაღწიეთ. მაშინ, როცა ნარკოპოლიტიკა ყველაზე მკაცრი იყო, ნარკომომხარებელთა რიცხვი მაშინაც კი იზრდებოდა. ჩვენი ნარკოპოლიტიკა სისტემურად გადასახედია“,  – განაცხადა ლომჯარიამ.

წმინდა სინოდი მიიჩნევს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ნარკოლიბერალიზაციასთან დაკავშირებით  უკვე მიღებული გადაწყვეტილება დიდი საფრთხის შემცველია და სერიოზულ ბიძგს აძლევს ნარკოტიკების ფართოდ გავრცელებასა და მოხმარებას. ამის შესახებ წმინდა სინოდის სხდომის ოქმშია აღნიშული, რომელსაც საქართველოს საპატრიარქო აქვეყნებს.