ნინო ლომჯარია - ლექსო ლაშქარავა გარდაიცვალა ორგანიზებული ძალადობის შედეგად, მოვუწოდებ შსს-ს, დაიწყოს გამოძიება და პასუხისგებაში მისცეს ძალადობრივი ქმედებების ორგანიზატორები
ნინო ლომჯარია - ლექსო ლაშქარავა გარდაიცვალა ორგანიზებული ძალადობის შედეგად, მოვუწოდებ შსს-ს, დაიწყოს გამოძიება და პასუხისგებაში მისცეს ძალადობრივი ქმედებების ორგანიზატორები

მოვუწოდებ შსს-ს, დაიწყოს გამოძიება და პასუხისგებაში მისცეს ამ ძალადობრივი ქმედებების ორგანიზატორები, – ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ „ტვ პირველის“ ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით განაცხადა.

„პირველ რიგში, მინდა, მომხდარი ტრაგედიის გამო მივუსამძიმრო ლექსოს ოჯახის წევრებს, მეგობრებს, ახლობლებს, კოლეგებს და მთელ საქართველოს. რაც მოხდა 5-6 ივლისს, ამ ძალადობრივ ქმედებებს ჰყავდა თავისი ორგანიზატორები, იდეოლოგები, რომლებიც არ მალავდნენ აღნიშნულს. ამის დასტურია მათი არაერთი განცხადება როგორც საკუთარი მედიასაშუალებების, ასევე საჯარო ადგილებში, როდესაც ისინი პირდაპირ მოუწოდებდნენ საკუთარ მომხრეებს, ეძალადათ მათზე განსხვავებულებზე. შესაბამისად, მოვუწოდებ შსს-ს, დღემდე არ გაუკეთებია განცხადება, დაიწყოს გამოძიება და პასუხისგებაში მისცეს ამ ძალადობრივი ქმედებების ორგანიზატორები. სისხლის სამართლის კოდექსში არსებობს სპეციალური მუხლი, რომელიც გამოიყენეს მათ შორის პოლიტიკური პირის მიმართ და შეუძლიათ, არსებობს მტკიცებულებები, რომ ახლაც გამოიყენონ ეს მუხლი, რაც გულისხმობს ძალადობრივი ქმედებების ორგანიზებას. ჩვენ დავინახეთ, ეს ძალადობა იყო კარგად ორგანიზებული, კარგად კოორდინირებული, მათ ჰყავდათ იდეოლოგები, წამქეზებლები, ვნახეთ ადგილზე მოწოდებები. მოვუწოდებ მათ, დაუყოვნებლივ დაიწყონ ორგანიზატორების მიმართ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

მისივე თქმით, ლექსო ლაშქარავა გარდაიცვალა ორგანიზებული ძალადობის შედეგად.

„რაც შეეხება სახელწიფოს პასუხისმგებლობას, მთელი ამ დღეების განმავლობაში ისმენდნენ ამ ძალადობრივი მოწოდებებს ძალადობრივი ჯგუფების მხრიდან. მიუხედავად ამისა, 5 ივლისს არ გატარებულა შესაბამისი პრევენციული ღონისძიებები, მათ შორის, ლექსოს თავს დაესხნენ „სირცხვილიას“ ოფისთან, სადაც იყო მაღალი ალბათობა, რომ მოხდებოდა თავდასხმა, მაგრამ იქ არ იყო ადგილზე მობილიზებული პოლიცია და ეს თავდასხმაც არის სახელმწიფოს პასუხისმგებლობა. არაერთი მცდელობა იყო, რომ მოქალაქეები დაორგანიზებულიყვნენ და მშვიდობიანი ფორმით საკუთარი აზრი გამოეხატათ. ქვეყანაში არსებობენ ჯგუფები, რომლებიც უბრალოდ ხელს უშლიან მოქალაქეებს მშვიდობიანი აზრის დაფიქსირებაში და ძალადობენ მათზე, არ მალავენ საკუთარ ძალადობრივ გეგმას. მეორეა, რომ პირდაპირი კავშირები არსებობს და პირველ რიგში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უნდა დაინტერესდეს ამ საქმით. ასევე, მთავარი არის, რომ არამარტო შემსრულებლებთან, არამედ ამ ძალადობის ორგანიზატორების მიმართაც დაიწყოს დევნა“, – აღნიშნა ნინო ლომჯარიამ.

„ტვ პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა, რომელსაც 5 ივლისს „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეებმა სცემეს, გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზი ამ დროისთვის უცნობია. ლექსო ლაშქარავა კლინიკაში რამდენიმე დღის განმავლობაში იმყოფებოდა, რის შემდეგაც სახლში გაწერეს.

ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო.

„თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგოდ გამართული აქციის მიმდინარეობის დროს, ორგანიზაცია „სირცხვილიას“ ოფისში, „ტვ პირველის“ ჟურნალისტსა და ოპერატორ ლექსო ლაშქარავას სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.