ნინო ლომჯარია - სასამართლო კლანის წევრებს არ აქვთ გაცნობიერებული, რომ სწორედ მათი გადაწყვეტილებების გამო, საქართველოს კანდიდატის სტატუსზე უარი ეთქვა
ნინო ლომჯარია - სასამართლო კლანის წევრებს არ აქვთ გაცნობიერებული, რომ სწორედ მათი გადაწყვეტილებების გამო, საქართველოს კანდიდატის სტატუსზე უარი ეთქვა

კლანის წევრებს არ აქვთ გათვითცნობიერებული, რომ სწორედ მათი გადაწყვეტილებების გამო, საქართველოს ცოტა ხნის წინ ევროკავშირის კანდიდატი წევრის სტატუსის მინიჭებაზე უარი ეთქვა, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ განაცხადა.

ლომჯარიამ კომენტარი გააკეთა თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარედ მიხეილ ჩინჩალაძის ხელმეორედ, ხუთი წლის ვადით არჩევასთან დაკავშირებით. თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის გარდა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა ხაშურის, სენაკისა და ახალქალაქის რაიონული სასამართლოების თავმჯდომარეებიც აირჩიეს.

„მსგავსი ტიპის გადაწყვეტილებები ადასტურებს, რომ სასამართლო სისტემაში არსებული კლანის წევრებს არ აქვთ გათვითცნობიერებული, რაზე არის საუბარი. საუბარი არის იმაზე, რომ სწორედ მათი ამ ტიპის გადაწყვეტილებების და ამ ტიპის კლანური მმართველობის გამო, საქართველოს ცოტა ხნის წინ ევროკავშირის კანდიდატი წევრის სტატუსის მინიჭებაზე უარი ეთქვა და ლომის წვლილი იმაში, რომ ჩვენმა ქვეყანამ ასეთი შეფასება დაიმსახურა არის სწორედ ეს ადამიანები, ეს პერსონები და მათი გადაწყვეტილებები. ამიტომ, ასეთი გადაწყვეტილება ადასტურებს, რომ ან უბრალოდ მართლაც ვერ აცნობიერებენ, რომ მათი პერსონალური პასუხისმგებლობა ძალიან დიდია ამ ყველაფერში ან უბრალოდ ამ პროცესებს ძალიან ნაკლებ მნიშვნელობას ანიჭებენ და მათთვის მნიშვნელოვანია საკუთარი პირადი პერსონალური ინტერესები, გავლენები, ის უპირატესობები, რაც ამ კლანურ გავლენას მოაქვს მათთვის სასამართლო სისტემაში“, – განაცხადა ლომჯარიამ.