ნინო ლომჯარია - კითხვებს წარმოშობს ის, რომ გიორგი რურუას საქმის მასალებში არ არის ობიექტური ან ნეიტრალური მტკიცებულებები იარაღის ფლობასთან დაკავშირებით
პოლიციელები ამბობენ, რომ გიორგი რურუას მანქანაში უპოვეს იარაღი, მაგრამ არ გვაქვს ვიდეოჩანაწერები, ან დამოუკიდებელი და ობიექტური მოწმის ჩვენებები, რომელიც შეესწრო, ან დაასწრეს აღნიშნულ ჩხრეკას, – ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე, დეპუტატ სალომე სამადაშვილის მიერ გიორგი რურუას საქმეზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
„გიორგი რურუას საქმეზე მიმდინარე გამოძიების მასალებს ჩვენ ვიცნობთ, რაც ადვოკატმა გაგვაცნო. ამ ეტაპზე რაც შემიძლია, გითხრათ საქმესთან დაკავშირებით, არის ის, რომ ალბათ ჩემთვის, როგორც უფლებადამცველისთვის კითხვის ნიშნებს წარმოშობს ის, რომ საქმის მასალებში არ დევს ობიექტური ან ნეიტრალური მტკიცებულებები, რაც დაადასტურებდა ამ პირის მიერ იარაღის ფლობას იმ შემთხვევაში. ანუ რას ვგულისხმობ, მოწმეები არიან მხოლოდ პოლიციელები და ბუნებრივია, გიორგი რურუას მხარე ამბობს, რომ ასეთ ფაქტს ადგილი არ ჰქონია. პოლიციელები ამბობენ, რომ მანქანაში უპოვეს მას იარაღი, მაგრამ ჩვენ არ გვაქვს ვიდეოჩანაწერები, ან არ გვაქვს დამოუკიდებელი და ობიექტური მოწმის ჩვენებები, რომელიც შეესწრო ან დაასწრეს აღნიშნულ ჩხრეკას და დაადასტურებდა, რომ იარაღი ნამდვილად იპოვეს. ეს არის შეფასებითი კატეგორია. რამდენად დამაჯერებელია ეს მტკიცებულებები, ამაზე გადაწყვეტილება უნდა მიიღო სასამართლომ და ამ შეფასებაში სახალხო დამცველი ნამდვილად ვერ შევა“, – აღნიშნა ნინო ლომჯარიამ.
მისივე თქმით, ეს არის სასამართლოს პრეროგატივაა, მიიჩნევს თუ არა ცალკეულ მტკიცებულებებს დამაჯერებელ მტკიცებულებებად, რასაც დააყრდნობს თავის გადაწყვეტილებას.
„თუმცა, მაინც მიმაჩნია, რომ ეს ალბათ არის ამ საქმის სუსტი მხარე. რომ ყოფილიყო უფრო ობიექტური მტკიცებულებები, მათ შორის, ვიდეოჩანაწერები, ამაზე ვსაუბრობდი მეც მოხსენებაში, რომ მნიშვნელოვანია, გატარდეს ის რეფორმა, რომ პოლიციელი, როდესაც შედის ურთიერთობაში მოქალაქესთან, როდესაც ატარებს სხვადასხვა საპროცესო მოქმედებებს, უნდა მოხდეს მისი ვიდეოჩაწერა, რათა მსგავსი ეჭვები არ წარმოიშვას, რათა მტკიცებულებები ობიექტური იდოს საქმეში, თუმცა ამ საქმეში ეს არ გვაქვს და როგორც გითხარით, ეს არის უკვე მტკიცებისა და შეფასების საგანი, მათ შორის სასამართლოს მხრიდან. ასევე, ჩვენ ამ საქმეში დავადგინეთ დარღვევა იმ კონკრეტულ შემთხვევასთან დაკავშირებით, როდესაც ბიოლოგიური მასალა აიღეს გიორგი რურუას საკანში. მაშინ მის ადვოკატს არ მისცეს აღნიშნულ პროცედურაზე დასწრების შესაძლებლობა და ვფიქრობთ, რომ ამ შემთხვევაში მისი საპროცესო უფლებები იყო დარღვეული. ეს არის ამ ეტაპზე ჩვენი შეფასებები, რისი თქმაც შეგვიძლია. რა თქმა უნდა, ვაგრძელებთ საქმის შესწავლას და თუ დამატებითი გარემოებები გამოიკვეთა, ამაზე, ბუნებრივია, გვექნება ჩვენი შეფასებები“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.