სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია აცხადებს, რომ მირზა სუბელიანის საკითხი, რომელიც ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით დღეს დააკავეს, იყო ერთ-ერთი, რაც მის მიერ პრობლემატურად სახელდებოდა.
მისივე განცხადებით, ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის ერთ-ერთი მოწმის მიმართ არ არის ჩატარებული გარკვეული საგამოძიებო მოქმედებები.
„მე დავადასტურებ, რომ ერთ-ერთი გარემოება, რაც ჩვენ მიერ იყო, როგორც პრობლემატური დასახლებული, შეეხება მირზა სუბელიანს. კერძოდ, მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებები მის მიმართ, კერძოდ, დანაშაულის შეუტყობინებლობის ან დაფარვის თვალსაზრისით, არ ყოფილა განხორციელებული. იმავეს ვიტყვი იმ პირთა მიმართ, რომლებიც შემხებლობაში არიან მირზა სუბელიანთან. ასევე, ერთ-ერთ მოწმეზე, რომელიც ასევე იმყოფებოდა დანაშაულის ადგილზე და შესაძლებელია, შემხებლობა ჰქონდეს დანაშაულთან, სწორედ ამ მოწმის მიმართ არ არის ჩატარებული გარკვეული საგამოძიებო მოქმედებები და ეს მოწმე ასევე არის გარკვეულ შემხებლობაში მირზა სუბელიანთანაც.
გამოვთქვამთ იმედს, რომ მის მიმართ ბრალის წაყენება ასევე გასცემს პასუხს იმ კითხვებზე, რაც არსებობს“, – აცხადებს ნინო ლომჯარია.
მირზა სუბელიანი სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლით, დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დღეს დააკავეს. შსს-ს ცნობით, სუბელიანი ბრალდებას აღიარებს.