ნინო ლომჯარია - ხორავას ქუჩაზე მკვლელობის მოწმეები, რომელთაც დიდი ალბათობით, მნიშვნელოვანი ინფორმაცია ჰქონდათ, არ არიან დაკითხულები
ნინო ლომჯარია - ხორავას ქუჩაზე მკვლელობის მოწმეები, რომელთაც დიდი ალბათობით, მნიშვნელოვანი ინფორმაცია ჰქონდათ, არ არიან დაკითხულები

მოწმეები, რომელთაც მაღალი ალბათობით, გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია ჰქონდათ, არ არიან დაკითხულები ან გამოკითხულები, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, სახალხო დამცველის აპარატის მიერ იდენტიფიცირებულია გარკვეული ფაქტები, თუმცა ჯერ კიდევ შესასწავლია სასამართლო განხილვის მასალები, რომელთაც სასამართლოში გაეცნობიან.

„საქმის შესწავლის შედეგად გაჩნდა კითხვა, რატომ არ ამოიღო გამოძიებამ ერთ შემთხვევაში ჩხუბში მონაწილე პირის ტანსაცმელი, მაშინ როდესაც აღნიშნული საგამოძიებო მოქმედება ჩხუბში მონაწილე სხვა პირთა მიმართ ჩატარებულია. მიუხედავად იმისა, რომ არაერთხელ გაკეთდა განცხადება, რომ მოწმეთა უმრავლესობა არ იძლეოდა ჩვენებას, ჩვენი შესწავლის შედეგად გამოიკვეთა, რომ მოწმეთა დაკითხვის დროს არ დასმულა ის კითხვები, რაც დააზუსტებდა ან/და გამოავლენდა აღნიშნული ან სხვა პირების როლს დანაშაულის ჩადენაში. ამის პარალელურად, გარკვეული მოწმეები, რომელთაც მაღალი ალბათობით ჰქონდათ გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია, არ არიან დაკითხულები ან გამოკითხულები.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ დანაშაულის დაფარვის ნაწილში იკვეთებოდა არა მხოლოდ იმ პირთა პასუხისმგებლობის საფუძველი, რომლებიც 9 ივნისამდე იყვნენ პასუხისგებაში მიცემულნი, არამედ, სხვა პირებისაც. აღნიშნულთან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებები დაგვიანებით, ან საერთოდ არ ჩატარდა.

ამავდროულად, გამოსაკვლევია ჩხუბში მონაწილე იმ ინდივიდების ბრალეულობის საკითხი, რომლებიც შეიძლება უშუალოდ მკვლელობის ამსრულებლები არ იყვნენ, მაგრამ შეიძლება ჩადენილი აქვთ სხვა დანაშაული (მაგალითად, ჩხუბში მონაწილე ერთ-ერთი პირის სავარაუდო დაჭრა).

მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით ექსპერტიზა დაგვიანებით ჩატარდა, ექსპერტიზის შედეგებითა და მოწმეთა ჩვენებებით, საქმის მასალებში შესაძლო სხვა დანაშაულის (დაჭრის) ჩადენის ნიშნები იკვეთებოდა. გამოძება ამ გარემოებებთან დაკავშირებით არ დაწყებულა. ჩვენც პრობლემურად მიგვაჩნია ე.წ. ფარდულის დაშლის ეპიზოდი, რადგან ვერ დავინახეთ, თუ ვინ გასცა მისი დაშლის ნებართვა. ასევე, აღსანიშნავია, რომ ფარდულის პირვანდელი მდგომარეობა არ არის ზუსტად იდენტიფიცირებული“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

მისი თქმით, სახალხო დამცველისთვის მნიშვნელოვანია, გაეცნოს განაჩენს, რომელიც კვლავ არ არის ხელმისაწვდომი. ლომჯარიას განცხადებით, საბოლოო დასკვნას საზოგადოებას ყველა მასალის გაანალიზების შემდეგ წარუდგენენ.