ნინო ლომჯარია - ხალხი უნდა გამოვიდეს და დადგეს გარეთ, მესმის, რომ ყველა არის შოკში, მაგრამ არ მოუგონია სამყაროს სხვა გზა, გარდა იმისა, რომ გამოხვიდე და გააპროტესტო
არასამთავრობო ორგანიზაციის, „საქართველოს ევროპული ორბიტის“ დამფუძნებელი ნინო ლომჯარია მოქალაქეებს მოუწოდებს, გავიდნენ ქუჩაში და პროტესტს შეუერთდნენ.
როგორც ლომჯარიამ აღნიშნა, დღეს იყო საქართველოს ღალატის აქტი.
„თვითგამოცხადებულმა, თვითაღიარებულმა ერთმა კაცმა, თვითმარქვია კობახიძემ თავის თვითმარქვია შეთქმულებთან ერთად გამოაცხადა, თურმე საქართველო აღარ უნდა წავიდეს ევროპისკენ. უნდა გადავდოთ თურმე, თითქოს 2028 წელს სახელმწიფო ინსტიტუტები თავისუფალი და სამართლიანი გვექნება და რამე იქნება საერთოდ დარჩენილი ამ ქვეყნის დემოკრატიული ფუნდამენტიდან. სინამდვილეში, ეს იყო გამოცხადებული ღალატი ქვეყნის თვითმარქვია ხალხისგან. ამ გადაწყვეტილებას არანაირი ლეგიტიმაცია არ აქვს. მათ შორის, მივმართავთ საერთაშორისო საზოგადოებასაც, რომ ეს ხალხი საერთოდ არ წარმოგვადგენს, ხმა არ მიგვიცია, არ აგვირჩევია, მოიპარეს კრიმინალური გზით არჩევნები. ხალხი კიდევ უნდა გამოვიდეს და დადგეს გარეთ, გააპროტესტოს. მესმის, რომ ყველა არის შოკში, არის ემოციებში, მაგრამ არ მოუგონია სამყაროს სხვა გზა, გარდა იმისა, რომ გამოხვიდე საჯაროდ, სხვა მოქალაქეებთან ერთად და გააპროტესტო. გორგასლის 20 ნომერში გამოდით დღესაც, ხვალაც, რამდენჯერაც იქნება საჭირო“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.