ნინო ლომჯარია - კარგად მესმის, რომ საარჩევნო წელში ნებისმიერი კრიტიკული განცხადება პოლიტიკურად იქნება აღქმული, მაგრამ არ ვაპირებთ, კრიტიკა დავაკლოთ ანგარიშებს
ნინო ლომჯარია - კარგად მესმის, რომ საარჩევნო წელში ნებისმიერი კრიტიკული განცხადება პოლიტიკურად იქნება აღქმული, მაგრამ არ ვაპირებთ, კრიტიკა დავაკლოთ ანგარიშებს

საქართველოს სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას განცხადებით, ომბუდსმენის საქმიანობა სრულად არის დაცლილი ნებისმიერი პოლიტიკური მანიპულაციებისგან და ზეგავლენებისგან.

როგორც ლომჯარიამ პარლამენტში, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, რაც უნდა მიუღებელი იყოს სახალხო დამცველის კრიტიკული განცხადება თუ ანგარიში, არ აპირებენ, საკუთარ საქმიანობაში ცვლილება შეიტანონ.

ლომჯარიას თქმით, პრობლემებზე ყურადღების გამახვილება და რეაგირება საჭიროა მაშინ, ვიდრე ვითარება არაკონტროლირებადი იქნება.

„დღეს მიმდინარე განხილვებს გარკვეულ პარალელებს გავუკეთებდი თუნდაც 2012 წლამდე არსებულ მსგავს განხილვებთან, როდესაც როგორც წესი, პარლამენტის წევრები მმართველი პარტიიდან იყვნენ ძალიან სკეპტიკურად განწყობილები სახალხო დამცველის ანგარიშების მიმართ და უფრო მეტად ანგარიშს აკრიტიკებდნენ, ვიდრე იქ არსებულ ვითარებას. ამბობდნენ, რომ ინფორმაცია არ იყო დასაბუთებული, თითქოს სახელი და გვარები არ იყო მოცემული, კონკრეტულ ფაქტებზე არ იყო საუბარი. თუმცა, ფაქტია, სახალხო დამცველი საუბრობდა იქ არსებულ ძალიან სავალალო ვითარებაზე, მაგრამ იმის გამო, რომ პარლამენტმა შეგნებულად თუ სხვა პოლიტიკური მიზეზების გამო წაუყრუა, ფაქტია, მძიმე შედეგებამდე მიგვიყვანა ამ პრობლემის ხანგრძლივმა უგულველყოფამ. ამიტომ, როდესაც არსებობს პირველივე ნიშნები, და ეს არ არის პირველივე ნიშანი, როგორც გითხარით – რამდენიმე წელია, სახალხო დამცველი ამ საკითხზე საუბრობს, ვფიქრობ, ხმამაღლა უნდა ვისაუბროთ ამ პრობლემაზე, სანამ სავალალო, არაკონტროლირებად სიტუაციამდე მივალთ. მიუხედავად იმისა, თუ რა რეაქციები გამოიწვია თქვენში სახალხო დამცველის აღნიშნულმა შეფასებებმა, რომ შეიძლება არაპოპულარულ რამეს ვამბობდე მმართველი პარტიისთვის, ჩვენ ამაზე ვისაუბრებთ. ასევე, ძალიან კარგად მესმის, რომ საარჩევნო წელი მოდის და ნებისმიერი კრიტიკული განცხადება იქნება აღქმული პოლიტიკურად, თუმცა, მიუხედავად ამისა, არ ვაპირებთ, შევცვალოთ ჩვენი საქმიანობა და კრიტიკა დავაკლოთ ჩვენს ანგარიშებს. ასევე ვაცნობიერებ, რომ ამ ყველაფერს, სამწუხაროდ, მოყვება პოლიტიკური შეფასებები, პოლიტიკურ ჭრილში ამ საკითხების განხილვა, თუმცა ვადასტურებ, სახალხო დამცველის საქმიანობა სრულად არის დაცლილი ნებისმიერი პოლიტიკური მანიპულაციებისგან და ზეგავლენებისგან“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ კომიტეტის სხდომაზე, სადაც პენიტენციურ დაწესებულებებში განხორციელებული მონიტორინგის შედეგებზე მომზადებული სპეციალური ანგარიში წარადგინა.

დატოვე კომენტარი