ნინო ლომჯარია - ირაკლი ოქრუაშვილის მიმართ პოლიტიკური დევნის განცდა რომ არ დარჩეს, მნიშვნელოვანია, იყოს მყარი მტკიცებულებები
ნინო ლომჯარია - ირაკლი ოქრუაშვილის მიმართ პოლიტიკური დევნის განცდა რომ არ დარჩეს, მნიშვნელოვანია, იყოს მყარი მტკიცებულებები

რეალურად გვაქვს ასეთი მდგომარეობა – ბრალი აქვს წარდგენილი ორ მოქმედ პოლიტიკოსს, მელიას და ოქრუაშვილს და ასევე ერთ პირს, რომელმაც საჯაროდ განაცხადა, რომ აპირებს პოლიტიკაში მოსვლას, ხაზარაძეს ვგულისხმობ, არ გამოიყურება ეს ყველაფერი სახარბიელოდ. თითოეულ ამ საქმეში მტკიცებულებები ძალიან მაღალი სტანდარტით უნდა იყოს წარმოდგენილი, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ განაცხადა.

როგორც ომბუდსმენმა აღნიშნა, მან გუშინ მოინახულა 20-21 ივნისის საქმეზე დაკავებულები, მათ შორის ირაკლი ოქრუაშვილიც.

„გუშინ უკვე მოვინახულეთ ყველა დაკავებული, მათ შორის ირაკლი ოქრუაშვილიც. პირველ რიგში გვაინტერესებდა, ხომ არ ჰქონდათ პრეტენზია ბრალთან ან მოპყრობასთან დაკავშირებით. პირობებზე და მოპყრობასთან დაკავშირებით არ ჰქონიათ არანაირი პრეტენზია.

რაც შეეხება აღკვეთის გამოყენებას, მინდა დავაფიქსირო ცალსახად, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, ძალიან მაღალი სტანდარტით და მყარი მტკიცებულებებით იყოს გარანტირებულ აღკვეთის ღონისძიებების გამოყენება, განსაკუთრებით თუ პატიმრობა იქნება მოთხოვნილი, რადგან საქმეში ფიგურირებს პოლიტიკოსი. მის მიმართ პოლიტიკური დევნის განცდა რომ არ დარჩეს, მნიშვნელოვანია, იყოს მყარი მტკიცებულებები, რომ პირი სავარაუდოდ, ეცდება მიმალვას ან მტკიცებულებების განადგურებას ან გამოძიებისთვის ხელის შეშლას. წინააღმდეგ შემთხვევაში არ არის მიზანშეწონილი და არ გამოჩნდება ლამაზად და სწორად, თუ გამოჩნდება რომ დაუსაბუთებლად იქნება გამოყენებული აღკვეთის სახით პატიმრობა“, – განაცხადა ლომჯარიამ.