ნინო ლომჯარია - გამოძიებისას არასრულწლოვნების ჩვენებების დაპირისპირებაც მოხდა, რაც დამატებითი სტრესი და ფსიქოლოგიური იძულებაა
ნინო ლომჯარია - გამოძიებისას არასრულწლოვნების ჩვენებების დაპირისპირებაც მოხდა, რაც დამატებითი სტრესი და ფსიქოლოგიური იძულებაა

სახეზეა ნიშნები, რომ დარღვეული იყო არასრულწლოვნების მართლმსაჯულების კანონმდებლობა და სავარაუდოდ, ადგილი ჰქონდა არასრულწლოვნებზე ზეწოლასა და იძულებას ჩვენებების მისაცემად, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის უფროს ლონდა თოლორაიასთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

როგორც ნინო ლომჯარიამ აღნიშნა, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში გამოძიება აქტიურად მიმდინარეობს. ამასთან, ლომჯარიას თქმით, სახელმწიფო ინსპექტორის აპარატი სახალხო დამცველს გამოძიების საქმის მასალების გაცნობის საშუალებას მისცემს.

„ჩემი შთაბეჭდილებით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში გამოძიება აქტიურად მიმდინარეობს. ინსპექტორმა გამოთქვა მზაობა, რომ სრულად მოგვცეს წვდომა გამოძიების მასალებზე და ითანამშრომლოს სახალხო დამცველთან. ჩვენ გამოვიყენებთ ამ შესაძლებლობებს. ბევრი საგამოძიებო მოქმედება ჩატარდა, თუმცა არის მთელი რიგი გარემოებები, რასაც სჭირდება შესწავლა. ამ გამოძიებამ დაადასტურა ის დარღვევები, რითიც წარიმართა არასრულწლოვნების გამოკითხვა პოლიციის განყოფილებაში. ნამდვილად სახეზეა ნიშნები, რომ დარღვეული იყო არასრულწლოვნების მართლმსაჯულების კანონმდებლობა და სავარაუდოდ, ადგილი ჰქონდა არასრულწლოვნებზე ზეწოლას და იძულებას ჩვენებების მიცემაზე. გამოკითხვის დრო და ხანგრძლივობაც საეჭვოა. სავარაუდოდ, ღამის საათებში ჩატარდა, რაც ასევე არღვევს ამ კანონმდებლობას. იქ არ იყო შექმნილი ფსიქოლოგიური იძულებისგან თავისუფალი გარემო. არასრულწლოვნების ჩვენებების დაპირისპირებაც მოხდა, რაც დამატებითი სტრესი და ფსიქოლოგიური იძულება იყო, ეს კი კატეგორიულად მიუღებელია“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

ამასთან, სახალხო დამცველის თქმით, პირები რომლებიც დაიკითხნენ პოლიციის განყოფილებაში, არ იყვნენ ინფორმირებული, რომ იყო ნებაყოფლობითი გამოკითხვა.

„როდესაც ვსაუბრობ არასრულწლოვნებზე, ვგულისხმობ ლუკასაც და სხვა ბავშვებსაც, რომლებიც გამოკითხეს პოლიციაში და რომელთა მიმართაც დაირღვა კანონმდებლობის მოთხოვნები. ვფიქრობ, ეს იყო ფსიქოლოგიური ზეწოლა და იძულება, რამაც მათ ტრავმა მიაყენა. ეს იყო ნებაყოფლობითი გამოკითხვა, მაგრამ ჩემი ინფორმაციით, რაც მივიღე ინსპექტორის აპარატში, არც არასრულწლოვანი, არც მისი კანონიერი წარმომადგენელი და არც სხვა არასრულწლოვნები ინფორმირებულნი არ იყვნენ. მათი ქცევა მიანიშნებს, რომ მათ ეგონათ, ეს იყო სავალდებულო და უნდა მიეცათ ჩვენება პოლიციისთვის“, – განაცხადა სახალხო დამცველმა.