ნინო ლომჯარია - გამოძიება უნდა დაინტერესდეს, ხდება თუ არა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პატიმრის და მესამე პირების საუბრის ფარული მიყურადება
ნინო ლომჯარია - გამოძიება უნდა დაინტერესდეს, ხდება თუ არა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პატიმრის და მესამე პირების საუბრის ფარული მიყურადება

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია აცხადებს, რომ გავრცელებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით კითხვები არსებობს და გამოძიებამ თავისი სათქმელი უნდა თქვას.

ამასთან, ლომჯარია მიიჩნევს, რომ გამოძიება უნდა დაიწყოს იმ მიმართულებითაც, ხდება თუ არა პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმრისა და მესამე პირების საუბრის ფარული მიყურადება.

„ჩვენ დავინტერესდით გავრცელებული ჩანაწერების გარშემო განვითარებული მოვლენებით და ამას ემსახურებოდა ჩემი გუშინდელი ვიზიტი მირზა სუბელიანთან პენიტენციურ დაწესებულებაში. აქ გამოძიებამ უნდა თქვას თავისი სათქმელი. კითხვის ნიშნები ნამდვილად არსებობს და არის უნდობლობა ბოლო ჩანაწერის. მეც მაქვს კითხვები, რაც საზოგადოებას გაუჩნდა. მიმაჩნია, გამოძიება უნდა დაიწყოს იმ მიმართულებითაც, ხდება თუ არა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ფარული მიყურადება პატიმრის და მესამე პირების საუბრის. ეს შეხვედრები უნდა იყოს კონფიდენციალური. პატიმრები ხვდებიან სახალხო დამცველს, ადვოკატებს და კანონით არ შეიძლება მსგავსი საუბრების ჩაწერა და გავრცელება“, – განაცხადა ლომჯარიამ.

მისი თქმით, აღნიშნული მიანიშნებს, რომ ამ მიმართულებით ციხეებში გარკვეული პრობლემები არსებობს და გამოძიება უნდა დაინტერესდეს.

„რუსთავი 2“-მა რამდენიმე დღის წინ აუდიოჩანაწერი გაავრცელა, რომელიც, ამავე ტელეკომპანიის მტკიცებით, გლდანის N8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, მირზა სუბელიანის საკანშია გაკეთებული. ტელეკომპანიის ინფორმაციით, სუბელიანი საკანში შესულ „ქართული ოცნების“ დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძეს, აგრეთვე, დევნილთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომელ დათო ცუხიშვილს ესაუბრება.

მთავარ პროკურატურაში აცხადებენ, რომ აუდიოჩანაწერზე, რომელშიც სავარაუდოდ მირზა სუბელიანი ფიგურირებს, გამოძიება 12 ოქტომბერს დაიწყო. მათივე ცნობით, გამოძიება მიმდინარეობს პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვებისა და შენახვის, იძულების, პატიმრობაში მყოფი პირის კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერის, უკანონოდ შენახვის, ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების შესაძლო ფაქტებზე. პროკურატურის ინფორმაციით, მირზა სუბელიანთან დაკავშირებულ ჩანაწერზე გამოძიება დაიწყო პენიტენციური სამსახურის თანამშრომლის განცხადების საფუძველზე, რომელსაც პირადი ცხოვრების კადრების გასაჯაროებით ემუქრებოდნენ. ამასთან, გუშინ მთავარმა პროკურატურამ მირზა სუბელიანისა და ვიქტორ ჯაფარიძის საუბრის აუდიოჩანაწერი გაავრცელა, რომელიც უწყების ცნობით, მიმდინარე წლის 6 ივლისისაა.