ეკა ბესელიას სოლიდარობას ვუცხადებ, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ დეპუტატის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების საქმეზე საუბრისას განაცხადა.
ნინო ლომჯარია ეკა ბესელიას მოუწოდებს, მიმართოს სახალხო დამცველს.
„ქალბატონ ეკა ბესელიას მინდა, დღესაც გამოვუცხადო მხარდაჭერა და სოლიდარობა. მასაც და ნებისმიერ ადამიანს, ვის მიმართაც გავრცელდა ძალიან ბინძური ფორმებით პირადი ცხოვრების მასალები, თუმცა დღემდე არ გვინახავს, ამ ქვეყანაში არც ერთ საქმეზე დამდგარიყო ვინმეს პასუხიმგებლობის საკითხი პირადი ცხოვრების კადრების გასაჯაროების გამო.
კიდევ ერთხელ მოვუწოდებ სამართალდამცავ ორგანოებს, თუკი რაიმე ხელმოსაჭიდი საფუძველი არსებობს, დროულად მოახდინონ რეაგირება.
მივმართავ ქალბატონ ეკას, ჩვენ მზად ვართ დახმარებისთვის, თანამშრომლობისთვის. შეუძლია, მოგვმართოს, მოგვაწოდოს ინფორმაცია და მაქსიმალურად ვეცდებით, ზეწოლა მოვახდინოთ შესაბამის საგამოძიებო ორგანოებზე. თუკი დაზარალებული ისურვებს ჩვენთან მჭიდრო თანამშრომლობას, სახალხო დამცველი გააკეთებს მაქსიმუმს, რომ გამოძიება უფრო ეფექტურად წარიმართოს“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.