ნინო ლომჯარია - ძალიან მაღალია ალბათობა, რომ უკანონო მოსმენები და პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაციის შეგროვება ხდება
ნინო ლომჯარია - ძალიან მაღალია ალბათობა, რომ უკანონო მოსმენები და პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაციის შეგროვება ხდება

ძალიან მაღალია ალბათობა, რომ უკანონო მოსმენები და პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაციის შეგროვება ხდება, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ განაცხადა.

მისი თქმით, მოსმენები არა მხოლოდ წინასაარჩევნოდ, ზოგადად არის უკიდურესად სახიფათო და საშიში პრაქტიკა, რაც არ შეიძლება, ხდებოდეს დემოკრატიულ ქვეყანაში.

„ის ფაქტი, რომ უსაფრთხოების სამსახურს აქვს შესაძლებლობა და არ არსებობს მასზე კონტროლის მექანიზმი, რომ დავიცვათ თავი ჩვენს პირად ცხოვრებაში მათი უკანონო ჩარევისგან, ეს არის ფაქტი და ამაზე სახალხო დამცველი საუბრობს. ჩვენ საკონსტიტუციო სასამართლოშიც გასაჩივრებული გვაქვს მოსმენების დღევანდელი მექანიზმი, სწორედ იმის გამო, რომ არ არსებობს სათანადო კონტროლი. უკვე არაერთი შემთხვევა ყოფილა, მათ შორის მედიის მიერ გავრცელებული ფაქტები. რაც შეეხება სკოლის პედაგოგებისა თუ დირექტორების პირად ცხოვრებაში ჩარევას, თუნდაც ეს ფაქტი შეიძლება, არ არის ჯერ გადამოწმებული და დაზუსტებული, საერთო ჯამში, ამ ფაქტების ერთობლიობა და ასევე ინფორმაცია, რასაც სახალხო დამცველი საქმეების შესწავლის შედეგად იღებს, ნამდვილად გვაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ ძალიან მაღალია ალბათობა, რომ ასეთი უკანონო მოსმენები და პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაციის შეგროვება ხდება. არა მარტო წინასაარჩევნოდ, ზოგადად არის უკიდურესად სახიფათო და საშიში პრაქტიკა. ასეთი რამ არ შეიძლება, ხდებოდეს დემოკრატიულ ქვეყანაში. ეს არის ადამიანების უფლებების უხეში დარღვევა და ამაზე რეაგირება არის განსახორციელებელი“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

ინტერნეტში სასულიერო პირებსა და საპატრიარქოს თანამშრომლებზე სავარაუდო წერილობითი და აუდიომასალა გავრცელდა. ის ცალკეულმა ტელეკომპანიებმა ეთერითაც გადასცეს. გავრცელებული ფაილები ცალკეული სასულიერო პირების პირად ცხოვრებას ეხება. ფაილები შეიცავს არასრულწლოვნების შესახებ ინფორმაცასაც. საქართველოს პირველი არხი არ გთავაზობთ თავად ამ მასალას, რადგან ის შეიცავს პირად ინფორმაციას. ამასთან, მათი ავთენტურობა დადასტურებული არ არის.