ნინო ლომჯარია – ძალიან ცუდი ფაქტია, გიგი უგულავამ იზოლაციაში ყოფნის წესი თუ არ დაიცვა, ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია კოვიდრეგულაციების დარღვევა
ძალიან ცუდი ფაქტია, თუ გიგი უგულავამ იზოლაციაში ყოფნის წესი არ დაიცვა, ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია კოვიდრეგულაციების დარღვევა, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ორგანიზებულ გუშინდელ აქციაზე გიგი უგულავას სიტყვით გამოსვლასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, მოქალაქეებს განსაკუთრებით პოლიტიკოსებმა უნდა მისცენ მაგალითი, რომ ვირუსის დადასტურების შემდგომ ორი კვირის განმავლობაში იზოლაციაში იყვნენ.
„არ ვიცი, როდის დაუდასტურდა, ეს მისი პირადი ინფორმაციაა და თუ არ იყო გასული 12 დღე, კატეგორიულად მიუღებელია. განსაკუთრებით პოლიტიკოსების მხრიდან, რომლებიც უნდა აძლევდნენ ჩვენ მოქალაქეებს მაგალითს, რომ დადასტურების შემდგომ ორი კვირის განმავლობაში ისინი იყვნენ იზოლაციაში. ძალიან ცუდი ფაქტია, თუ ეს წესი არ დაიცვა. მე არ ვარ ორგანო, რომელიც იყენებს ამ სანქციებს. ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია კოვიდრეგულაციების დარღვევა. მით უმეტეს, საჯარო პირების მხრიდან“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.