ნინო ლომჯარია დუისის სპეცოპერაციაზე - პროკურატურამ უნდა დაადგინოს, ხომ არ ჰქონდა ადგილი სპეცრაზმის მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების ფაქტს
ნინო ლომჯარია დუისის სპეცოპერაციაზე - პროკურატურამ უნდა დაადგინოს, ხომ არ ჰქონდა ადგილი სპეცრაზმის მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების ფაქტს

ჩვენ კონტაქტზე ვართ დაჭრილის ოჯახის წევრებთან, ასევე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ პანკისში, სოფელ დუისში ჩატარებული სპეცოპერაციის შეფასებისა განაცხადა, რა დროსაც თემირლან მაჩალიკაშვილი დაიჭრა.

მისი თქმით, დაჭრილის ოჯახის წევრებისა და სუს-ის განცხადებები ურთიერთგამომრიცხავია.

„ჩვენ კონტაქტზე ვართ დაჭრილის ოჯახის წევრებთან, ასევე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან. ჩვენ კონტაქტზე ვართ დაჭრილის ოჯახის წევრებთან, ასევე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან. ჩვენი ინფორმაციით, ის ფაქტობრივი გარემოებები, რაზეც საუბრობს ერთი მხრივ, დაჭრილის ოჯახი და მეორე მხრივ, უსაფრთხოების სამსახური, არის ურთიერთგამომრიცხავი. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია ამ პროცესში გამოძიების როლი. ჩვენი რეკომენდაციაა, პროკურატურამ ობიექტურად და დროულად შეისწავლოს გარემოებები – ხომ არ ჰქონდა ადგილი სპეცრაზმის მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების ფაქტს და რამდენად იყო პროპორციული ძალის გამოყენება“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

ექიმების ინფორმაციით, პანკისის ხეობის სოფელ დუისში სპეცოპერაციის დროს დაჭრილი 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის მდგომარეობა ამ დრომდე კრიტიკულია.

სუს-მა ტერორიზმის დაფინანსების, ტერორისტული საქმიანობის სხვაგვარი მატერიალური მხარდაჭერის და რესურსებით უზრუნველყოფის ბრალდებით ხუთი პირი დააკავა.

„თემირლან მაჩალიკაშვილი დაკავებისას შეეცადა წინაარმდეგობა გაეწია სამართალდამცავებისთვის, კერძოდ უნდოდა მოქმედებაში მოეყვანა ხელყუმბარა, რა დროსაც დანაშაულებრივი ქმედების აღსაკვეთად უკიდურესი აუცილებლობიდან გამომდინარე გამოყენებული იქნა პროპორციული ძალა და მოხდა თემირლან მაჩალიკაშვილის მისამართით გასროლა, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა თავის არეში მიიღო ცეცხლნასროლი დაზიანება“, – აცხადებენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.