ნინო ლომჯარია - დღეს განვითარებულ მოვლენებს ორი პასუხისმგებელი პირი ჰყავს, ძალადობრივი აქციის ორგანიზატორები და სახელმწიფო
ნინო ლომჯარია - დღეს განვითარებულ მოვლენებს ორი პასუხისმგებელი პირი ჰყავს, ძალადობრივი აქციის ორგანიზატორები და სახელმწიფო

დღეს განვითარებულ მოვლენებს ორი პასუხისმგებელი პირი ჰყავს, ძალადობრივი აქციის ორგანიზატორები და სახელმწიფო, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ საქართველოს პირველი არხის საინფორმაციო პროგრამა „მოამბეში“ განაცხადა.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რა პრევენციული ზომები უნდა მიეღო ხელისუფლებას, რათა ძალადობრივი ქმედებები თავიდან ყოფილიყო აცილებული, ნინო ლომჯარიამ განაცხადა, რომ მისი შთაბეჭდილებით, სახელმწიფომ უბრალოდ, არ შეასრულა თავისი ვალდებულება, რომ მოქალაქეები და მათი უფლებები დაეცვა.

„დღეს თქვენ ხედავდით, როგორი მოუმზადებელი, თუ უსუსური იყო პოლიცია. ადგილზე რამდენიმე პოლიციელი იყო, რომლებიც ამ მოძალადეებს ვერ უმკლავდებოდნენ და ძალიან პროგნოზირებადი იყო, რომ ისინი იძალადებდნენ, რადგან ეს ჯგუფები და ამ ღონისძიების ორგანიზატორები მოქალაქეებზე წინა წლებშიც ძალადობდნენ სწორედ მსგავსი ეგიდით და ისინი არასოდეს დასჯილან“, – განაცხადა ლომჯარიამ.

თამთა სანიკიძის შეკითხვაზე, რამდენად აქვს იმედი, რომ გამოძიება დროულად, ობიექტურად წარიმართება და დამნაშავეები კანონის სიმკაცრით დაისჯებიან, სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ წინა წლების გამოცდილება ოპტიმიზმის საფუძველს არ აძლევს, რადგან ძალადობის ფაქტები და ძალადობისკენ მოწოდებები წინა წლებში დაუსჯელი დარჩა.

„თუმცა, ჩვენ, მედიამ, საზოგადოებამ, სახალხო დამცველმა და უფლებადამცველებმა ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა დღეს მომხდარი არც ერთი ფაქტი არ დარჩეს შესაბამისი პასუხისმგებლობის გარეშე, ვინაიდან სწორედ ეს ახალისებს დაუსჯელობის სინდრომს. მე ნამდვილად მქონდა განცდა, რომ იქ მყოფ ადამიანებს ჰქონდათ განცდა, რომ მათი ქმედებები წახალისებული იყო და დაუსჯელი დარჩებოდა. ისინი ძალიან თავდაჯერებული იყვნენ“, – განაცხადა ლომჯარიამ.

მისი თქმით, საქართველოს პრეზიდენტს ამ ვითარებაში ყველაზე გამართული, სამართლებრივად და მოქალაქეობრივად სწორი გზავნილები ჰქონდა, ხოლო პრემიერ-მინისტრის განცხადება ნამდვილად გასაკრიტიკებელი იყო.

„მისი ეს განცხადება, ირიბად თუ პირდაპირ, ნამდვილად შეიცავდა ამ ქმედებების წახალისებას. ვფიქრობ, ეს ნამდვილად იყო ძალადობის წამახალისებელი განცხადება, იყო ძალიან არასწორი და გულდასაწყვეტია, როდესაც ხელისუფლების პირველი პირი ქვეყანაში საკუთარი მოქალაქეების მიმართ ძალადობის წამახალისებელ განცხადებას აკეთებს“, – განაცხადა ლომჯარიამ.

შეკითხვაზე, როგორი იქნება მისი მოწოდება ხელისუფლების მიმართ, სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ ხელისუფლებაში მყოფი საჯარო პირების განცხადებებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და იმედია, ისინი საქართველოს პრეზიდენტს მიბაძავენ, რომელსაც ცოტა დაგვიანებული განცხადება, მაგრამ მაინც ყველაზე სწორი შეფასებები ჰქონდა.