ნინო ლომჯარია - ჩვენ კანონშემოქმედებით პროცესში ჩართვას არ ვითხოვთ, ვითხოვთ, აღსრულდეს რეგლამენტის 154-ე მუხლი
ნინო ლომჯარია - ჩვენ კანონშემოქმედებით პროცესში ჩართვას არ ვითხოვთ, ვითხოვთ, აღსრულდეს რეგლამენტის 154-ე მუხლი

სახალხო დამცველის მოთხოვნა, მიეცეს შესაძლებლობა, მიმართოს პარლამენტს საპარლამენტო სესიაზე, უნდა დაკმაყოფილდეს, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ რეგლამენტი კანონშემოქმედებით პროცესში სახალხო დამცველის მონაწილეობას არ ითვალისწინებს.

ნინო ლომჯარიას თქმით, სახალხო დამცველის აპარატი კანონშემოქმედებით პროცესში ჩართვას არ ითხოვს.

„ჩვენ ვითხოვთ, აღსრულდეს რეგლამენტის 154-ე მუხლი, რომელიც ამბობს, რომ სახალხო დამცველს აქვს უფლება, მიმართოს პარლამენტს და მოითხოვოს, პარლამენტის სესიაზე მიმართოს დეპუტატებს, რაც უნდა დაკმაყოფილდეს საქართველოს პარლამენტის მიერ. შესაბამისად, რეგლამენტი არ ითვალისწინებს სხვაგვარ გადაწყვეტილებას. თუ სახალხო დამცველი ითხოვს, მიეცეს შესაძლებლობა, მიმართოს პარლამენტს საპარლამენტო სესიაზე, ეს მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს. რასაც ჩვენ ვითხოვთ, არის ის, რომ მიმართვის შესაძლებლობა სახალხო დამცველს მიეცეს, სანამ პარლამენტი მეორე მოსმენით უყრის კენჭს კანონპროექტს, რადგან მიმართვის თემატიკა შეეხება სწორედ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესსა და იმ საკანონმდებლო ხარვეზებს, რომლებიც წარმოდგენილ კანონპროექტს ახასიათებს“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

მისი თქმით, კანონპროექტის მიღების შემდეგ მიმართვა აზრს დაკარგავს. შესაბამისად, სახალხო დამცველის მოთხოვნაა, ომბუდსმენის მოხსენება პარლამენტის მიერ კანონპროექტის მიღებამდე გაკეთდეს.

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის საკითხთან დაკავშირებით პარლამენტს მიმართავს და აცხადებს, რომ გადაწყვიტა საქართველოს პარლამენტის წევრებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის პროცედურებთან დაკავშირებულ კანონპროექტზე და მასში არსებულ ხარვეზებზე მოხსენებით მიმართოს.

აღნიშნულთან დაკავშირებით, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ რეგლამენტი კანონშემოქმედებით პროცესში სახალხო დამცველის მონაწილეობას არ ითვალისწინებს.