ნინო ლომჯარია - ჩვენ გავუწევთ მონიტორინგს, რამდენად უზრუნველყოფს სახელმწიფო დაშავებულთა რეაბილიტაციის ღონისძიებებს
ნინო ლომჯარია - ჩვენ გავუწევთ მონიტორინგს, რამდენად უზრუნველყოფს სახელმწიფო დაშავებულთა რეაბილიტაციის ღონისძიებებს

სახალხო დამცველმა რუსთაველის გამზირზე 20-21 ივნისის ღამეს დაშავებული ადამიანები მოინახულა. ამის შესახებ ნინო ლომჯარია სოციალურ ქსელში წერს.

„დღეს მოვინახულე 20-21 ივნისის ღამეს დაშავებული მოქალაქეები, ვისაუბრეთ დაშავების გარემოებებზე და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია პირადად მკურნალი ექიმებისგან მივიღე.
დაშავებულების ასაკი 20-დან 55 წლამდეა და ისინი მკურნალობას გადიან „რეგიონალურ ჰოსპიტალში“ და „ნიუ ჰოსპიტალში“.

„ნიუ ჰოსპიტალში“ მოთავსებულია ოთხი პაციენტი, რომლებსაც ამ ეტაპისათვის რამდენიმე გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდათ. ექიმების განმარტებით, მათ დაზიანებები მიყენებული აქვთ ძირითადად თავის არეში, დაზიანებული აქვთ თვალი და სახის ძვლები.

„რეგიონალურ ჰოსპიტალში“ მკურნალობას გადის სამი დაშავებული, რომლებსაც ასევე დაზიანებული აქვთ როგორც თვალი, ასევე, მიღებული აქვთ თვის ტვინის სხვადასხვა სიმძიმის ტრავმები.

ექიმების განმარტებით, ამ ეტაპზე დაშავებულებს გაეწია ყველა აუცილებელი სამედიცინო მომსახურეობა, თუმცა მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის შენარჩუნებას და შემდგომ რეაბილიტაციას დასჭირდება ხანგრძლივი დრო და ფინანსური რესურსი. ასევე, საჭირო იქნება მკურნალობის შემდგომ ეტაპზე ფსიქოლოგების ჩართვაც.

ჩვენ გავუწევთ მონიტორინგს რამდენად უზრუნველყოფს სახელმწიფო დაშავებულთა როგორც მიმდინარე სამედიცინო, ასევე ხანგრძლივ ვადაზე გათვლილ სამედიცინო და ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ღონისძიებებს“, – წერს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია.