ნინო ლომჯარია - ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ზაზა სარალიძის ჯანმრთელობა და ის, რომ ნახოს გარდაცვლილი შვილის საქმეზე განხორციელებული მართლმსაჯულება
ნინო ლომჯარია - ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ზაზა სარალიძის ჯანმრთელობა და ის, რომ ნახოს გარდაცვლილი შვილის საქმეზე განხორციელებული მართლმსაჯულება

სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას ინფორმაციით, ხვალიდან სახალხო დამცველის აპარატი ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე საგამოძიებო მასალების შესწავლას იწყებს.

ამის შესახებ ნინო ლომჯარიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ასევე სახალხო დამცველმა პარალელურად გამოითხოვა სისხლის სამართლის მასალები შესაფასებლად და აღნიშნული საქმის მასალების შესწავლას, ნინო ლომჯარიას თქმით, ჩვენ უახლოეს პერიოდში დაიწყებენ.

„ყველა ვთანხმდებით, რომ ხორავას ქუჩაზე მიმდინარე საქმეზე არსებობს კითხვის ნიშნები, ამას სჭირდება პასუხები. სახალხო დამცველი აგრძელებს საქმის მონიტორინგს. აუცილებელია, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობების საქმეზე გარდაცვლილი პირების მიმართ მართლმსაჯულება ეფექტურად აღსრულდეს ამ ფაქტის გარშემო ვართ ჩვენ ჩართულები და ამის მონიტორინგს ვახორციელებთ.

ხვალ დილიდან ჩვენი თანამშრომლები დაიწყებენ აღნიშნული საქმის საგამოძიებო მასალების შესწავლას. აქვე მინდა მოვუწოდო საზოგადოებას სიმშვიდისკენ. გთხოვთ, მაქსიმალურად დიალოგის და სამუშაო რეჟიმში დავაკვირდეთ მიმდინარე საგამოძიებო მოქმედებებს და ჩვენ ვეცდებით ყოველდღიურ რეჟიმში მოგაწოდოთ ინფორმაცია ჩვენი მონიტორინგის შედეგების შესახებ.

ასევე სახალხო დამცველმა პარალელურად გამოითხოვა სისხლის სამართლის მასალები შესაფასებლად და აღნიშნული საქმის მასალების შესწავლას ჩვენ უახლოეს პერიოდში დავიწყებთ“,- განაცხადა ლომჯარიამ.

​ამასთან, მისივე თქმით, პრესკონფერენციამდე რამდენიმე საათით ადრე, მას შემდეგ რაც ზაზა სარალიძემ ვაკის პარკში მიმდინარე აქცია დატოვა, კიდევ შეხვდა სარალიძეს და ესაუბრა.

„დღეს მისული ვიყავი პარლამენტის წინ აქციაზე, მსურდა ზაზას ნახვა და ადგილზე გასაუბრება, ადგილზე არ იყო ზვიად კუპრავა. მასთანაც გამოვხატე შეხვედრის სურვილი, თუმცა მან ჩემთან შეხვედრა არ ისურვა. ამის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ზაზა სარალიძე იმყოფებოდა ვაკის პარკში აქციაზე, სადაც შევხვდი და გავესაუბრე.

მიმდინარე აქციების შემდეგ ზაზა იყო ძალიან გადაღლილი, ძალიან მძიმე ემოციურ მდგომარეობაში და ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია მისი ჯანმრთელობა და ის, რომ ნახოს გარდაცვლილი შვილის საქმეზე განხორციელებული მართლმსაჯულება.

ჩვენი შეხვედრის დროს გავაცანი ინფორმაცია, თუ რა საკითხების გარშემო ვმუშაობთ. გამომდინარე იქიდან, რომ ის აპირებდა აქციის დატოვებას, მე როგორც სახალხო დამცველმა შევთავაზე მას გადაადგილება ჩემი სამსახურებრივი ავტომანქანით, პარალელურად ამ პრესკონფერენციამდე რამდენიმე საათით ადრე კიდევ ერთხელ შევხვდი და ვესაუბრე. რადგან ამ დღეების განმავლობაშ მე მასთან მქონდა ხშირი კონტაქტი“,- განაცხადა ნინო ლომჯარიამ.