ნინო ლომჯარია - ჩემი წარმომადგენლები რეგულარულად ამოწმებენ პრეზიდენტის მდგომარეობას, პირობებისა და პატიმრის მიმართ მოპყრობის თვალსაზრისით, სახალხო დამცველს დარღვევები არ დაუფიქსირებია
ნინო ლომჯარია - ჩემი წარმომადგენლები რეგულარულად ამოწმებენ პრეზიდენტის მდგომარეობას, პირობებისა და პატიმრის მიმართ მოპყრობის თვალსაზრისით, სახალხო დამცველს დარღვევები არ დაუფიქსირებია

ჩემი წარმომადგენლები რეგულარულად ამოწმებენ პრეზიდენტის მდგომარეობას, პირობებისა და პატიმრის მიმართ მოპყრობის თვალსაზრისით, სახალხო დამცველს დარღვევები არ დაუფიქსირებია, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ რუსთავის მე-17 დაწესებულებასთან ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, არ აქვს უფლება, საჯაროდ ისაუბროს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე.

ჩემი წარმომადგენლები რეგულარულად ამოწმებენ პრეზიდენტის მდგომარეობას. გუშინაც იყვნენ შესული. მეც არ გამოვრიცხავ, შეიძლება, შევიდე, გააჩნია, როგორ განვითარდება მოვლენები. ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საჯაროდ რომ ვისაუბრო, ამის უფლება არ მაქვს. თვალს ვადევნებ და დაინტერესებული ვარ, დროულად შევიდეს მულტიფუნქციური ჯგუფი, შეისწავლოს მისი მდგომარეობა. რაც შეეხება პირობებს და პატიმრის მიმართ მოპყრობას, ამ თვალსაზრისით, სახალხო დამცველს დარღვევები არ დაუფიქსირებია“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

ამასთან, სახალხო დამცველის თქმით, პენიტენციურ სამსახურში აცხადებენ, რომ სააკაშვილის პირადი ექიმის მხრიდან განცხადება მის მონახულებასთან დაკავშირებით არასწორად არის დაწერილი.

„ცოტა ხნის წინ პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელობასთან მქონდა საუბარი. განაცხადეს, რომ განცხადება იყო თითქოს არასწორად დაწერილი პირადი ექიმის მხრიდან, ამიტომ ვთხოვე, დაუკავშირდნენ და აუხსნან, რა პროცედურებია დასაცავი. ვიცი, რომ გუშინ მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა თანხმობა ექიმების მულტიფუნქციური ჯგუფის მუშაობაზე. ელოდებიან ოფიციალურ მიმართვას“, – აღნიშნა ლომჯარიამ.

კითხვაზე, ხუთი დღის შემდეგ რატომ აღმოჩნდა განცხადებაში ხარვეზი, შეგნებულად ხომ არ ჭიანურდება პირადი ექიმის შესვლა, ნინო ლომჯარიამ განაცხადა, რომ განცხადება არ უნახავს.

„არ ვიცი, არ მინახავს განცხადება. პენიტენციურში ამბობენ, რომ არასწორად არის მოთხოვნილი. არის ერთთვიანი ულიმიტო შესვლა, რასაც არ ითვალისწინებს პროცედურები, ანუ თითოეულ შესვლაზე განცხადებები უნდა დაიწეროს ცალ-ცალკე“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.