ნინო ლომჯარია - ჩემი სურვილია, შსს-მ გაატაროს პრევენციული ღონისძიებები, რათა მოხდეს ჩემ მიმართ მუქარის შეტყობინებების ავტორთა იდენტიფიცირება
ნინო ლომჯარია - ჩემი სურვილია, შსს-მ გაატაროს პრევენციული ღონისძიებები, რათა მოხდეს ჩემ მიმართ მუქარის შეტყობინებების ავტორთა იდენტიფიცირება

საქართველოს სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის შენობა დატოვა.

ნინო ლომჯარია გამოკითხვაზე სოციალურ ქსელში მის მიერ გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით იმყოფებოდა.

„მივაწოდე ინფორმაცია განხორციელებული მუქარების შესახებ და ასევე მივაწოდე შესაბამისი მასალები. შეადგინეს ოქმი. განვაცხადე, რომ ჩემი სურვილია, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაატაროს პრევენციული ღონისძიებები, რათა მოხდეს ამ ადამიანების იდენტიფიცირება, რათა სამომავლოდ ეს მუქარები რეალობად არ იქცეს. მნიშვნელოვანია, გამოიკითხონ ისინი და მათ კითხვები დაუსვან ​მუქარებთან დაკავშირებით“, – აღნიშნა ნინო ლომჯარიამ.

რაც შეეხება მის მიმართ მუქარის შემცველი წერილების დანაშაულად კვალიფიცირების საკითხს, სახალხო დამცველის თქმით, ეს მოკვლევის შედეგად უნდა დადგინდეს.

„დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად რეალური მუქარებია. ამის შეფასება სუბიექტურად რთული იქნება. ამიტომ მნიშვნელოვანია, დადგინდეს, ვინ არიან. ნაწილი არის ქალი და გამოკითხვით დადგინდება, რამდენად რეალურია მუქარა. შესაძლებელია, მსგავსმა მუქარებმა ძალადობის წახალისება მოახდინოს, ამიტომ სულ მცირე, მათი იდენტობის დადგენა იქნება ძალიან მნიშვნელოვანი“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

მისივე თქმით, საგამოძიებო უწყებას გააცნო სხვა ფეისბუქშეტყობინებებიც, რომლებიც სოციალური ქსელით არ გამოუქვეყნებია, თუმცა, მისივე თქმით, თითქმის შეტყობინება ყველა ერთგვაროვანი შინაარსისაა.

„მე აქ იმიტომ მოვედი, რომ არიან გარკვეული ჯგუფის ადამიანები, რომლებიც გარკვეულწილად თვითორგანიზებას ეწევიან და აცხადებენ, რომ უნდა ორგანიზდნენ სახალხო დამცველის წინააღმდეგ. ჩემთვის ისიც მნიშვნელოვანი იქნება, რომ მათ დაიბარებს უწყება და მოუწევთ პასუხების გაცემა“, – აღნიშნა ნინო ლომჯარიამ.