ნინო ლომჯარია - ჩემი ამბიცია იქნება, უფლების დარღვევის შემთხვევაში ნებისმიერ პირს უპირველესად  სახალხო დამცველი ახსენდებოდეს
ნინო ლომჯარია - ჩემი ამბიცია იქნება, უფლების დარღვევის შემთხვევაში ნებისმიერ პირს უპირველესად  სახალხო დამცველი ახსენდებოდეს

ნინო ლომჯარია, რომელსაც საპარლამენტო უმრავლესობა სახალხო დამცველის კანდიდატად დაასახელებს აცხადებს, რომ მისი სურვილია, საპარლამენტო ოპოზიციასაც შეხვდეს და თავის გეგმებზე ესაუბროს.

„მოქმედი კანონმდებლობით, სახალხო დამცველს აქვს დამოუკიდებლობის მაღალი გარანტიები, ის ფაქტი, რომ ჩემს კანდიდატურას მხარი დაუჭირა, როგორც საპარლამენტო უმრავლესობამ, ასევე სამოქალაქო საზოგადოების მნიშვნელოვანმა ნაწილმა, კიდევ უფრო მეტ პასუხისმგებლობას მანიჭებს, ძალიან დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობ, რომ გავამართლო იმ ადამიანების იმედები, რომლებიც მხარს მიჭერდნენ, ასევე მინდა, რომ შევხვდე საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებსაც და პასუხი გავცე ყველა კითხვაზე, რადგან ძალიან კარგი იქნება, თუ იქნება მაღალი კონსენსუსი სახალხო დამცველის კანდიდატურასთან დაკავშირებით. ძალიან მისასალმებელი იქნება, თუ მოვახერხებ მათ დარწმუნებას, რომ დამიჭირონ მხარი.

ჩემი ამბიცია იქნება, თუ ამირჩევენ სახალხო დამცველად, ნებისმიერ პირს – ფიზიკურს თუ იურიდიულ პირს, მათი უფლების დარღვევის შემთხვევაში, უპირველესად ახსენდებოდეს სახალხო დამცველი და ჰქონდეს სახალხო დამცველის იმედი“, – განუცხადა ნინო ლომჯარიამ პირველ არხს.

რაც შეეხება ნინო ლომჯარიას გეგმებს, როგორც სახალხო დამცველობის კანდიდატი აცხადებს, ომბუდსმენის ინსტიტუციის განვითარების შესახებ დეტალურად საპარლამენტო განხილვების დროს ისაუბრებს. ნინო ლომჯარია ერთ-ერთი იყო იმ კანდიდატებს შორის, რომელიც არასამთავრობო სექტორის დიდმა ნაწილმა საპარლამენტო უმრავლესობას წარუდგინა. დღეს, რამდენიმესაათიანი განხილვის შემდეგ, პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საპარლამენტო უმრავლესობა სახალხო დამცველად სწორედ ნინო ლომჯარიას კანდიდატურას დაასახელებს.

სახალხო დამცველს, უჩა ნანუაშვილს უფლებამოსილება 7 დეკემბერს ეწურება.

დატოვე კომენტარი