ნინო ლომჯარია - „ბავშვის დაცვის კოდექსი“ მნიშვნელოვანია განსაკუთრებით იმ ვითარებაში, როდესაც ქვეყანაში ბავშვის მხარდაჭერისა და დაცვის პროგრამები პრობლემურია
ნინო ლომჯარია - „ბავშვის დაცვის კოდექსი“ მნიშვნელოვანია განსაკუთრებით იმ ვითარებაში, როდესაც ქვეყანაში ბავშვის მხარდაჭერისა და დაცვის პროგრამები პრობლემურია

ძალიან მნიშვნელოვანია „ბავშვის დაცვის კოდექსის“ მიღება, განსაკუთრებით იმ ვითარებაში, როდესაც ბავშვის მხარდაჭერისა და დაცვის პროგრამები ძალიან პრობლემურია ქვეყანაში და თითქმის ყოველდღიურად ვხედავთ ამის შედეგებს, – ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ განაცხადა.

როგორც ნინო ლომჯარიამ აღნიშნა, მნიშვნელოვანია ის, რომ ბავშვთა კოდექსი ყველა საკითხთან დაკავშირებით აპელირებს ბავშვის საუკეთესო ინტერესებზე, ასევე ითვალისწინებს იმას, რომ თითოეული გადაწყვეტილების მიღების წინ აუცილებელია ბავშვის ჩართულობა და ბავშვის აზრის მოსმენა, გარდა ამისა ქმნის მთელ რიგ ღონისძიებებს ბავშვის დაცვისა და მხარდაჭერისთვის.

„აქაც ძალიან მნიშვნელოვანია მისი აღსრულება. ამ მიმართულებით უნდა გაძლიერდეს სოციალური სამსახური, ბავშვთა დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამები, ასევე გაძლიერდეს სხვადასხვა უწყებას შორის კოორდინაცია ბავშვთა მიმართ ძალადობის პრევენციისა და რეაგირების საკითხებზე. სამწუხაროდ, ამ მიმართულებით ჯერ ჩვენს პრაქტიკაში რეალური ცვლილებები და რეფორმები არ გვაქვს. დიდი იმედი მაქვს, რომ ამ კოდექსის ამოქმედების შემდგომ, ეს საკითხები მეტ ყურადღებას დაიმსახურებს. პირველ რიგში, აუცილებელია, ვნახოთ, როგორ გამოიყენებს მარეგულირებელი ამ კანონმდებლობას და ხომ არ მოხდება ჩარევა მედიის საკითხებში“, – აღნიშნა ლომჯარიამ.