ნინო ლომჯარია - ბაია პატარაია თამთა თოდაძის ადვოკატია და ალბათ, მისი კლიენტის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს ისე, როგორც საჭიროდ ჩათვლის
ნინო ლომჯარია - ბაია პატარაია თამთა თოდაძის ადვოკატია და ალბათ, მისი კლიენტის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს ისე, როგორც საჭიროდ ჩათვლის

ბაია პატარაია თამთა თოდაძის ადვოკატია და ალბათ, მისი კლიენტის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს ისე, როგორც საჭიროდ ჩათვლის, – განაცხადა სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „კვირის ინტერვიუ“ სტუმრობისას.

„ნიკა გვარამიას მიერ თამთა თოდაძის მიმართ დასმული შეკითხვა ნამდვილად უადგილო და არაეთიკური იყო. რაც შეეხება ბაიას, მას ალბათ საკუთარი პოზიცია აქვს. ამ შემთხვევაში, ის თამთას ადვოკატია და ალბათ, მისი კლიენტის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს ისე, როგორც საჭიროდ ჩათვლის“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

ამ განცხადებით სახალხო დამცველმა გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, როგორ შეაფასებს „საფარის“ დამფუძნებლის, ბაია პატარაიას ქმედებას, რომელიც იმ მაგიდასთან იჯდა, სადაც ნიკა გვარამიას მსხვერპლთან ინტერვიუ მიჰყავდა და როგორც ქალთა უფლებადამცველების ნაწილი მას პრეტენზიას უყენებს, ბაია პატარაიამ ნიკა გვარამიას არ შეაწყვეტინა მათი აზრით საკმაოდ დისკრიმინაციული შეკითხვა.

როგორც ნინო ლომჯარიამ აღნიშნა, არ მოსწონს, როცა ამ პროცესში ქალთა უფლებადამცველები ერთმანეთს უპირისპირდებიან.

„იმიტომ, რომ ჩვენ, ყველანი მოკავშირეები ვართ ამ პროცესში. ჩვენ, ყველას საერთო ღირებულებები გვაქვს. შეიძლება, ვიღაც რაღაც მეტს აკეთებს, ვიღაცას რაღაც ეშლება, მაგრამ დაპირისპირება არ მგონია, სწორი ფორმა იყოს“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

ირაკლი აბსანძის შეკითხვაზე, იწვევს თუ არა ამ ანტაგონიზმს ის, რომ არასამთავრობო სექტორის ზოგიერთი წარმომადგენელი სამყაროს შავ-თეთრად უყურებს, რომ არსებობს ცუდი, კარგი და შუაში არაფერია, ნინო ლომჯარიამ განაცხადა, რომ ეს პრობლემაა არა მხოლოდ ქალთა უფლებების დაცვის სფეროში, არამედ ზოგადად, საზოგადოებაში.

„საზოგადოება ძალიან რადიკალიზებულია. თითქოს, სხვა აზრი არ არსებობს და აუცილებლად ერთი აზრი უნდა გქონდეს, ან მეორე. პოზიციები ძალიან რადიკალიზებულია და გთხოვენ, შენც ზუსტად ისეთი იყო, როგორიც თვითონ არიან. თუ ცოტა სხვანაირად პოზიციონირებ, მაშინ უკვე თავდასხმის ობიექტი ხდები. ეს ასეა არა მარტო ამ სფეროში, არამედ ყველა სფეროში“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.