ნინო ლომჯარია ადამიანის უფლებათა კომიტეტში წლიური ანგარიშით წარდგება
ნინო ლომჯარია ადამიანის უფლებათა კომიტეტში წლიური ანგარიშით წარდგება

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალქო ინტეგრაციის კომიტეტის წინაშე დღეს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია წლიური ანგარიშით წარდგება.

ნინო ლომჯარია დეპუტატებს 2018 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მხრივ არსებული მდგომარეობის შესახებ მიაწვდის ინფორმაციას. ნინო ლომჯარიას განცხადებით, ერთ-ერთი მთავარი საკითხი შრომითი უფლებები იქნება. მისივე თქმით, დღევანდელი საკომიტეტო მოსმენის მიზანია, პარლამენტმა მიიღოს დადგენილება, სადაც აისახება სახალხო დამცველის მიერ გაცემული რეკომენდაციები. როგორც ნინო ლომჯარია აცხადებს, სახალხო დამცველის მხრიდან დაახლოებით 350 რეკომენდაციაა გაცემული.

„დაახლოებით 350 რეკომენდაცია გვაქვს წარდგენილი და ვიმედოვნებთ, რომ წელს იქნება გაზიარებული რეკომენდაციების შარშანდელზე მაღალი მაჩვენებელი. შარშან გვქონდა 65 პროცენტი. ეს ეხება ადამიანის ყველა სახის უფლებების დარღვევის საკითხებს. რა თქმა უნდა, მთავარი საკითხი არის სიცოცხლის უფლება, მაგრამ კონტექსტიდან გამომდინარე, დღეს ძალიან აქტუალურია შრომის უსაფრთხოების საკითხები. გვაქვს გარკვეული მიმართულებებით პროგრესი და ასევე გვაქვს უარყოფითი მაჩვენებლებიც. განსაკუთრებით ალბათ გამოძიების მიმართულებით არსებობს ხარვეზები და ალბათ ყველაზე კრიტიკულად მაინც შეფასებულია საქართველოს პროკურატურის საქმიანობა და საგამოძიებო მიმართულება. რაც შეეხება პროგრესს, ოჯახში ძალადობის მიმართულებით თუ ქალთა უფლებების დაცვის მიმართულებით ნამდვილად გვაქვს გარკვეული წინ გადადგმული ნაბიჯები“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.