ნინო ლომჯარია აცხადებს, რომ ზვიად დევდარიანის კანდიდატურა ობიექტურობის, კრიტიკულობისა და კომპეტენტურობის გამო შეარჩია
ნინო ლომჯარია აცხადებს, რომ ზვიად დევდარიანის კანდიდატურა ობიექტურობის, კრიტიკულობისა და კომპეტენტურობის გამო შეარჩია

ზვიად დევდარიანმა არაერთხელ დაამტკიცა, რომ ბევრ სიტუაციაში შეინარჩუნა ობიექტურობა, კრიტიკულობა და კომპეტენტური მიდგომა, სწორედ ამ კრიტერიუმების გათვალისწინებით მივიღე გადაწყვეტილება, – ასე უპასუხა სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ კითხვას, რატომ არ გაითვალისწინა ეთნიკური უმცირესობების საკითხებზე მომუშავე 60-ზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაციის მიმართვა, რომლებიც საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში კანდიდატად იზაბელა ოსიპოვას მხარდაჭერის თხოვნით მიმართეს.

როგორც ნინო ლომჯარიამ განაცხადა, აღნიშნული გადაწყვეტილება მისთვის მარტივად მისაღები არ იყო.

„სხვა კანდიდატის მხარდასაჭერად მომმართეს არა მხოლოდ ეთნიკური უმცირესობების საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციებმა, არამედ მომმართა ასევე ქალთა მოძრაობამ. რა თქმა უნდა, ორივე საკითხი არის ძალიან მნიშვნელოვანი. ნამდვილად რთული იყო ჩემთვის გადაწყვეტილების მიღება, ვინაიდან,  ჩემი გადმოსახედიდან, იყო რამდენიმე ძალიან ღირსეული კანდიდატი, თუმცა ჩემი პასუხისმგებლობა ის არის, რომ გადაწყვეტილება მიმეღო ერთ კანდიდატთან დაკავშირებით.

ვაცნობიერებ, რომ ჩემ მიერ დღეს დასახელებული კანდიდატი მომავალი ექვსი წლის განმავლობაში უნდა იყოს ყველაზე კრიტიკული, პრინციპული, ობიექტური და კვალიფიციური ხმა სამეურვეო საბჭოში. აქედან გამომდინარე, მიუხედავად იმისა, რომ არაერთ კანდიდატთან მაკავშირებდა არა მხოლოდ პროფესიული, არამედ პირადი ურთიერთობაც, მივიღე ასეთი გადაწყვეტილება, რადგან ჩემი პასუხისმგებლობაა, რომ ასეთი წევრი იყოს სამეურვეო საბჭოში.

ჩამოვყალიბდი ერთ-ერთ კანდიდატზე და მიმაჩნია, რომ ზვიადმა წარსული გამოცდილებიდან გამომდინარე, არაერთხელ დაამტკიცა, რომ ბევრ კრიტიკულ სიტუაციაში შეინარჩუნა ობიექტურობა, კრიტიკულობა და კომპეტენტური მიდგომა საკითხებისადმი, სწორედ ამ კრიტერიუმების გათვალისწინებით, მივიღე გადაწყვეტილება, რომელიც ჩემთვის მარტივად მისაღები არ იყო.

მაუწყებელი დღეს დგას ბევრი გამოწვევის წინაშე, მაგრამ ყველაზე კრიტიკული და სასიცოცხლო გამოწვევაა, რომ იქ ისმოდეს ძალიან ხმამაღლა, გაბედულად ოპონირება, კრიტიკული აზრი და საზოგადოებისთვის კანდიდატებმა ინფორმაციის დროულად მიწოდება შეძლონ.

ვფიქრობ, ჩემ მიერ დასახელებული კანდიდატი გაუმკლავდება გამოწვევებს, რომლებიც უკავშირდება მენეჯმენტსა და ბიუჯეტის მართვას“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

სახალხო დამცველმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატად არასამთავრობო ორგანიზაცია სიდა-ს ხელმძღვანელი ზვიად დევდარიანი დაასახელა.