ნინო ლომჯარია აცხადებს, რომ ნიკა გვარამიას შემთხვევა პირველია, როდესაც სახალხო დამცველის რანგში, პრეზიდენტს პატიმრის შეწყალების თხოვნით მიმართა
ნინო ლომჯარია აცხადებს, რომ ნიკა გვარამიას შემთხვევა პირველია, როდესაც სახალხო დამცველის რანგში, პრეზიდენტს პატიმრის შეწყალების თხოვნით მიმართა

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია აცხადებს, რომ ნიკა გვარამიას შემთხვევა პირველია, როდესაც მან პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართა.

ნინო ლომჯარიას თქმით, სახალხო დამცველის აპარატს მიაჩნია, რომ ნიკა გვარამიას საქმეზე განაჩენი დანაშაულის გარეშე დადგა, რის გამოც მიმართა პრეზიდენტს გვარამიას შეწყალების თხოვნით.

„წლების განმავლობაში ვიყავი პრეზიდენტის შეწყალების კომისიის წევრი და იქ წარმოვადგენდი ჩემს პოზიციებს სხვადასხვა საქმესთან დაკავშირებით. როგორც გითხარით, ბოლო წლებში განხილული განაჩენებიდან, ეს საქმე არის ყველაზე დაუსაბუთებელი და ამ საქმეს ასევე გამოარჩევს ის, რომ რეალურად განაჩენი ადამიანის მიმართ დადგა იმ ქმედების გამო, რაც სახალხო დამცველის შეფასებით, საერთოდ არ წარმოადგენს დანაშაულს. აქ საუბარი არ არის იმაზე, რომ მეტად დასაბუთებულია თუ ნაკლებად, ჩვენ მიგვაჩნია, რომ დადგა განაჩენი დანაშაულის გარეშე, ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს არის განსაკუთრებული შემთხვევა, ამიტომ პირადად ასე საჯაროდ პირველად გამოვიყენე და მივმართე პრეზიდენტს შეწყალების მოთხოვნით, თუმცა ზოგადად აპარატს ვიცი, რომ წარსულში აქვს მიმართული“, – განაცხადა ლომჯარიამ.

მისივე თქმით, დეპუტატებს საქართველოს კონსტიტუცია ავალდებულებს, რომ სახალხო დამცველის მოსაზრებები მოისმინონ და გაითვალისწინონ.

„ეს არ არის მათ პირად პოლიტიკურ შეხედულებებზე დამოკიდებული, როგორ მოექცევიან სახალხო დამცველის დასკვნებს, ეს არის ჩვენი კონსტიტუციური მოწყობა და თუ ვცხოვრობთ დემოკრატიულ სახელმწიფოში და არსებობს დემოკრატიული სახელმწიფოს მოწყობა, მათ ასეთი კომენტარები არ უნდა აკეთონ. პირველ რიგში, პარლამენტის წევრები არიან ვალდებული, ეს საკითხი მიიღონ სერიოზულად და იმსჯელონ. მე ყველას მოვუწოდებ, დეპუტატებს, რომ პირველ რიგში, გაეცნონ სახალხო დამცველის დასკვნას. ეს არ არის ვრცელი, 10/11 გვერდია და თუ მათ აქვთ რაიმე შეკითხვა, თუნდაც ჩვენი მოსაზრების დასაბუთებულობაზე, მზად ვართ, მათთან მივიდე და ვისაუბროთ ამ საკითხებზე“, – აღნიშნა ლომჯარიამ.

ლომჯარიას თქმით, სახალხო დამცველის აპარატი თავის ქმედებებსა და გადაწყვეტილებებში ეყრდნობა მხოლოდ დასკვნებსა და მიგნებებს, ამიტომ ყველა განცხადება, რაც კი აქამდე უწყებას გაუკეთებია, არის მხოლოდ სახალხო დამცველის დასკვნა.

„რაც შეეხება უკრაინასთან გარკვეული პარალელების გავლებას, ირაკლი ზარქუას ვუპასუხებდი, რომ საქართველოს სახალხო დამცველი თავის გადაწყვეტილებებში არ ითვალისწინებს არც ერთი სხვა ქვეყნის ხელისუფლების, თუ მათი წარმომადგენლების მოსაზრებებს. ჩვენ ჩვენს ქმედებებსა და გადაწყვეტილებებში ვეყრდნობით მხოლოდ ჩვენ დასკვნებს და მიგნებებს, ამიტომ ყველა განცხადება, რაც კი აქამდე გაგვიკეთებია, არის მხოლოდ სახალხო დამცველის დასკვნა. ამასთან, დასკვნაში დეტალურად არის წარმოდგენილი ჩვენი სამართლებრივი არგუმენტაცია, ამიტომ უბრალოდ ის კონტრარგუმენტი, რომ დასკვნა დაუსაბუთებელია, ჩემთვის არ არის დამაჯერებელი და ვთხოვ ყველას, რომ კონტრარგუმენტები კონკრეტულად მოიყვანონ იმ სამართლებრივ მსჯელობაზე, რაც არის მოცემული დასკვნაში. ზოგად კომენტარზე ზოგად პასუხს ვერ გავცემ“, – განაცხადა სახალხო დამცველმა.

ნინო ლომჯარიას თქმით, სახალხო დამცველის აპარატი თითქმის ყოველდღიურად მიმართავს პატიმრების უფლებების დაცვასთან დაკავშირებით სხვადასხვა სახელმწიფო ინსტიტუტებს, უბრალოდ ეს საკითხები არის პერსონალური და ასეთ გადაწყვეტილებებზე საჯაროდ ვერ საუბრობენ.

„საჯაროდ ვსაუბრობთ მხოლოდ საჯარო ინტერესის მქონე საქმეებზე და ისეთებზე, რაზეც განმცხადებელი აცხადებს თანხმობას. თუ ვინმეს აქვს სურვილი, ნახოს, რა ტიპის საქმიანობას ახორციელებს სახალხო დამცველი სხვა მსჯავრდებულებისა თუ ბრალდებულების უფლებების დასაცავად, ამაზე დიდი სიამოვნებით მოვიწვევ ყველას სახალხო დამცველის აპარატში და გავაცნობ ჩვენი საქმის წარმოებას“, – განაცხადა ლომჯარიამ.

ამასთან, როგორც ლომჯარიამ განაცხადა, სალომე ზურაბიშვილთან კომუნიკაცია ჰქონდა ნიკა გვარამიას მიმართ განაჩენის გამოცხადებიდან მალევე და განუცხადა პრეზიდენტს, რომ მზად არის, საქმესთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდოს სამართლებრივი გარემოებების თაობაზე, თუმცა დროსა და ადგილზე არ შეთანხმებულან. ლომჯარიას თქმით, შემოთავაზება ისევ ძალაშია.

„სალომე ზურაბიშვილთან მქონდა პირადი კომუნიკაცია, რომელიც ადრეც დავადასტურე, სადაც მას განვუცხადე, რომ მზად ვარ, ამ საქმესთან დაკავშირებით შევხვდე და მივაწოდო ინფორმაცია სამართლებრივი გარემოებების თაობაზე, რაზეც მან გადამიხადა მადლობა, თუმცა დროსა და ადგილზე არ შევთანხმებულვართ. ჩემი შემოთავაზება ძალაშია. ეს იყო დაახლოებით მალევე, როდესაც განაჩენი გამოცხადდა“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.