ნინო ლომჯარია - 20 ივნისის საქმეზე ბევრი რეკომენდაცია გავეცით, მნიშვნელოვანი ნაწილი პროკურატურამ გაითვალისწინა, ვიმედოვნებ, გამოძიება გააქტიურდება და უფრო ნათელი სურათი გვექნება
ნინო ლომჯარია - 20 ივნისის საქმეზე ბევრი რეკომენდაცია გავეცით, მნიშვნელოვანი ნაწილი პროკურატურამ გაითვალისწინა, ვიმედოვნებ, გამოძიება გააქტიურდება და უფრო ნათელი სურათი გვექნება

ვიმედოვნებ, გამოძიება გააქტიურდება, რადგან ნამდვილად ვერ ვიტყვით, რომ პროკურატურამ არ გაითვალისწინა მთელი რიგი რეკომენდაციები, – ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში 20 ივნისის საქმის შესახებ დასმულ კითხვაზე განაცხადა.

„20 ივნისის საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით რასაც ვსწავლობდით, რა მასალებიც შევისწავლეთ, ნამდვილად ვფიქრობთ, რომ გამოძიება არ იყო კრიტიკული, კრიტიკულად არ დაიკითხნენ მოწმეები, რაც გამოკვეთდა პასუხისმგებელი პირების როლს, ვთქვათ, აქციის დაშლის დროს ძალის გადამეტების პროცესში, ან მათი მხრიდან ჩადენილი უმოქმედობის შესახებ უფრო მეტად გამოკვეთდა მათ როლს სამსახურეობრივ გულგრილობასა თუ უმოქმედობაში. მე იმედი მაქვს, რომ ამ მიმართულებით გამოძიება გააქტიურდება, რადგან ნამდვილად ვერ ვიტყვით, რომ პროკურატურამ არ გაითვალისწინა მთელი რიგი რეკომენდაციები. ჩვენ ბევრი რეკომენდაცია გავეცით გამოძიების მიმდინარეობის დროს და მათი მნიშვნელოვანი ნაწილი ნამდვილად იქნა პროკურატურის მხრიდან გათვალისწინებული. იმედი მაქვს, რომ საბოლოო ჯამში, სურათი უფრო ნათელი გვექნება“, – აღნიშნა ნინო ლომჯარიამ.

მისივე თქმით, აღნიშნულ საქმის გამოძიების პროცესში პოლიტიკური განცხადებები არ არის მიზანშეწონილი.

„რა თქმა უნდა, პოლიტიკური განცხადებების გაკეთება არ არის მიზანშეწონილი, მათ შორის, პრემიერის მხრიდან, რადგან ის თავად ფიგურირებს ამ საქმეში, ორჯერ იყო გამოკითხული აღნიშნულ საქმეზე. რა თქმა უნდა, ყველამ თავი უნდა შეიკავოს გარკვეული მინიშნებების გაკეთებისგან, ვთქვათ, პოლიტიკოსებმა, რა იქნებოდა აღნიშნული გამოძიების სასურველი შედეგი, რადგან მნიშვნელოვანია, რომ ეს არ იყოს აღქმული, როგორც ერთგვარი გავლენის განხორციელება პროკურატურის მიერ მიმდინარე გამოძიებაზე“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.