ნინო ლაცაბიძემ ახალი სამსახურის, რუსთავის მერიის მუნიციპალური ინსპექციის პრეზენტაცია გამართა
ნინო ლაცაბიძემ ახალი სამსახურის, რუსთავის მერიის მუნიციპალური ინსპექციის პრეზენტაცია გამართა

რუსთავის მერმა, ნინო ლაცაბიძემ ახალი სამსახურის – რუსთავის მერიის მუნიციპალური ინსპექციის პრეზენტაცია გამართა.

რუსთავის მერიის ინფორმაციით, სამსახურის სტრუქტურული რებრენდინგი, ავტოპარკისა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შექმნა, საქართველოს პარლამენტსა და ქალაქის საკრებულოში შეტანილი საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი ის სამი ეტაპია, რომლის მეშვეობითაც, რუსთავის მერიის ზედამხედველობის სამსახურის ბაზაზე, სრულიად ახალი, თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი მუნიციპალური სამსახური შეიქმნა.

„რუსთავის მერიაში ახალი მუნიციპალური სერვისების დანერგვა 2022 წლიდან დაიწყო. რეფორმა განხორციელდა იმ სამსახურებში, რომელთა გამართულ მუშაობაზეცაა დამოკიდებული მოსახლეობისთვის სწრაფი და ეფექტური მუნიციპალური სერვისების შეთავაზება. გატარებული რეფორმა რუსთაველებს ახალი მუნიციპალური სერვისებით უზრუნველყოფს, საკანონმდებლო ცვლილების შედეგად მიღებული გამარტივებული მოსაკრებლის საგადასახადო სისტემა კი დადებითად აისახება ქალაქის ბიუჯეტზე, რაც რუსთავს კიდევ უფრო მეტ ახალ შესაძლებლობას გაუჩენს“, – აცხადებენ რუსთავის მერიაში.

პრეზენტაციას რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი საქართველოს პარლამენტში ირაკლი შატაკიშვილი, ქვემო ქართლის გუბერნატორი გიორგი დოხტურიშვილი, საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, რუსთავის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრები, მუნიციპალიტეტის თანამშრომლები და სხვა ოფიციალური პირები დაესწრნენ.